Site icon Civil.ge

ობამა საქართველოს ავღანეთის ოპერაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის

პრეზიდენტი ობამა 6 აპრილს ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ სააკაშვილს, რათა საქართველოს მიერ ავღანეთის ოპერაციაში შეტანილი ”მნიშვნელოვანი წვლილისთვის” მადლობა გადაეხადა, ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

”[აშშ-ის] პრეზიდენტმა საქართველოს სუვერენიტეტისადმი და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა. მათ განიხილეს ყველა მხარის მიერ პროვოკაციული ნაბიჯების თავიდან არიდების მნიშვნელობა,” – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

იქვე ნათქვამია, რომ საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ”აფასებს იმ ერთგულებას, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმებისადმი გააჩნია, რათა ”ვარდების რევოლუციის” დანაპირები შესრულდეს.”

თეთრი სახლის თქმით, ორმა პრეზიდენტმა ასევე განიხილა 12-13 აპრილს ვაშინგტონში დაგეგმილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტი, რომელშიც მონაწილეობას 47 სახელმწიფოს ლიდერთან და მაღალი რანგის წარმომადგენელთან ერთად პრეზიდენტი სააკაშვილიც მიიღებს.

23 მარტს, სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ობამა-სააკაშვილის ორმხრივი შეხვედრა სამიტის ფარგლებში ”არ არის გამორიცხული”.

თუმცა სამიტის ფარგლებში პრეზიდენტ ობამას ორმხრივი შეხვედრების გრაფიკში, 6 აპრილის მდგომარეობით სააკაშვილთან შეხვედრა არ არის ჩანიშნული.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რობერტ გიბსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ობამა 9 ქვეყნის მეთაურთან გამართავს შეხვედრას, მათ შორის სომხეთის და ყაზახეთის პრეზიდენტებთან.

პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სატელეფონო საუბრისას სააკაშვილმა ობამას სამიტზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

იქვე ნათქვამია, რომ საუბრისას რეგიონალური უსაფრთხოება და საქართველოს შიდა რეფორმებიც განიხილეს.

”პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს…  მომავალი ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობაზე,” – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

სააკაშვილმა პრეზიდენტ ობამას ამერიკის მიერ ”საქართველოში ქმედითი ლიბერალური დემოკრატიის მშენებლობის საქმეში” შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

”ორივე პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სტაბილური და დემოკრატიული საქართველო გასაღებია რეგიონალური მშვიდობის, თანამშრომლობისა და წინსვლისათვის,” – ნათქვამია სააკაშვილის ადმინისტრაციის განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)