პრაღაში, 8 აპრილს გამართული აშშ-რუსეთის სამიტის დროს იმ საკითხებს შორის, რომელზეც ორ ქვეყანას შორის უთანხმოება არსებობს, საქართველოს თემაც იყო განხილული, განაცხადა რუსეთის საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა მაიკლ მაკფოულმა.
პრაღის სამიტის ფარგლებში აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ განახლებულ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ორივე ქვეყანამ მათ ხელთ არსებული ბირთვული შეიარაღება ერთი მესამედით უნდა შეამციროს.
”ვფიქრობ, რომ ამ მცირე დროში ჩვენ მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ. მაგრამ ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საკითხებზე, როლებზეც უთანხმოება გაგვაჩნია,”- განაცხადა მაკფოულმა 8 აპრილს პრაღაში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამ კონტექსტში მან ასევე განაცხადა, რომ ”საქართველოს საკითხი კიდევ ერთხელ წამოიწია.”
მისი თქმით, ევროპაში კრიზისების პრევენციის მექანიზმები გაძლიერებას საჭიროებენ.
ობამას მრჩეველის განცხადებით, პრევენციის, ადრეული შეტყობინების მექანიზმები უნდა მუშაობდეს ისე, რომ როდესაც კონფლიქტის საფრთხე გაჩნდება, უნდა იყოს საშუალება მათი განმუხტვის და არა პოსტ-ფაქტუმ რეაგირება. ”დღეს განხილვების დროს საქართველოს მაგალითი გავიხსენეთ,”- განაცხადა მაკფოულმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)