17 აპრილს პრეზიდენტი სააკაშვილი ტელეფონით ესაუბრა ყირგიზეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარეს, როზა ოტუნბაევას და მას დახმარება აღუთქვა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.
სატელეფონო საუბარი შედგა ორი დღის შემდეგ, რაც ყირგიზეთის განდევნილმა პრეზიდენტმა, ყურმანბეკ ბაკიევმა, ყირგიზეთი დატოვა და გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. სააკაშვილისა და ოტუნბაევას სატელეფონო საუბრამდე ათი დღით ადრე კი საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთი ყირგიზეთში განვითარებულ მოვლენებში ”უხეშ ჩარევაში” დაადანაშაულა.
”[როზა ოტუნბაევამ] საქართველოს პრეზიდენტს გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა მას ყველა საკითხში დახმარება აღუთქვა,” – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაში.
საქართველომ ყირგიზეთში ჰუმანიტარული დახმარება, კერძოდ კი მედიკამენტები, 11 აპრილს გააგზავნა.
12 აპრილს ყირგიზეთის დროებითი მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა წერილობითი განცხადება, სადაც ის თბილისს გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობას უხდის, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს მხრიდან ყირგიზეთში განვითარებულ მოვლენებში გარე ჩარევაზე გაკეთებული ბრალდებები ”გაოცებას” იწვევს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ის, რაც ყირგიზეთში 7 აპრილს მოხდა, ”წინა ხელისუფლების ქმედებების გამო ხალხში დაგროვილი უკმაყოფილების” შედეგი იყო, რაც თავის მხრივ ”კლანურმა მმართველობამ და კორუფციამ” გამოიწვია.
”სრულიად აშკარაა და უარყოფის მიუხედავად, ყველა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთი უხეშად ერევა ყირგიზეთის შიდა საქმეებში და ცდილობს ითამაშოს გეოპოლიტიკური თამაშები ყირგიზი ხალიხის ხარჯზე,” – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 8 აპრილს, ”ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, მათ შორის, იმ ადამიანებს, ვინც დედაქალაქს აკონტროლებს, არ გამოაყენებინონ გარე ძალებს თავი ხალხისა და ქვეყნის ფუძემდებლური ინტერესების საწინააღმდეგოდ.”
თუმცა, იმავე დღეს, ჰელსინკში მის ფინელ კოლეგასთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ, განაცხადა: ”მე არ გამაჩნია რაიმე ფაქტი, რომელიც ამ [ყირგიზეთის] მოვლენებში უცხო ქვეყნის ჩარევას დაადასტურებდა.”
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)