Site icon Civil.ge

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 580 447 შეადგენს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ 9 აპრილს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 580 447 შეადგენს, რაც სიებში შეტანილი ცვლილებების გამო 6 978-ით ნაკლებია თებერვალში გამოქვეყნებულ ოდენობაზე (3 587 425). 

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისში სულ 994 927 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

აღნიშნული მონაცემები შესაძლოა სიის დამუშავების მომდევნო ეტაპებზე კიდევ შეიცვალოს, მათ შორის პარტიების მიერ განხორციელებული სიების მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით. ცესკოში მონიტორინგის შედეგების წარდგენის ბოლო ვადა დღეს, 18 საათისთვის იწურება.

2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 372 836 შეადგენდა, აქედან თბილისში რეგისტრირებული იყო 941 400 ამომრჩეველი.

2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე კი ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 472 876 იყო, საიდანაც თბილისზე 946 886 ამომრჩეველი მოდიოდა.

ამასთან, ცესკოს მიერ 9 აპრილს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, თბილისის ყველა ოლქში, გარდა კრწანისისა, ამომრჩეველთა რაოდენობა გაზრდილია 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მონაცემებთან შედარებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)