Site icon Civil.ge

მერაბიშვილი ”კომერსანტში” გამოქვეყნებულ ინტერვიუს განმარტავს

შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი რუსულ გამოცემა ”კომერსანტში” გამოქვეყნებული მისი ინტერვიუს ზოგიერთ ნაწილს განმარტავს და ამბობს, რომ მას საერთოდ არ უთქვამს, რომ ”ჩვენ ევროპელებს არასდროს არ ვუჯერებთ”.

”მთელი ეს ინტერვიუ და ჩემი საუბარი გაჟღენთილია დემოკრატიული და პროევროპული გამონათქვამებით. სტატიის 80 პროცენტი საუბარია იმაზე, რომ სხვა ცივილიზაცია, გარდა დასავლურისა არ არსებობს და წინადადება, რომ თითქოს, ჩვენ ევროპელებს არასდროს არ ვუჯერებთ, საერთოდ არ მითქვამს,” – აცხადებს შს მინისტრი.

გაზეთ ”24 საათისთვის” მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 10 აპრილს გამოქვეყნდა, ვანო მერაბიშვილი ასევე განმარტავს, რომ ფრაზაში, რომელიც  ”რუსეთთან ომის გაგრძელებას” ეხებოდა, ის გულისხმობდა რუსეთის აგრესიის მოგერიებას საქართველოში ”დემოკრატიული რეფორმების და მოდერნიზაციის” გზით. ”სწორედ ამ ბრძოლაში უნდა მოვუგოთ რუსეთს,”- აღნიშნავს მინისტრი.

მერაბიშვილი აქვე აცხადებს, რომ უახლოეს თვეებში რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის საფრთხე ”მინიმალურია”.

”მცირე პროვოკაციები კი არასდროს არის გამორიცხული და როგორც კი დავინახავთ, რომ საფრთხე მაღალია, ამის შესახებ აუცილებლად ოფიციალურად გავაფრთხილებთ საზოგადოებას,”- ამბობს ის ”24 საათთან” ინტერვიუში.

ამავე ინტერვიუში მან დაადასტურა ის ინფორმაცია, რომელიც ”კომერსანტის” ჟურნალისტს აგვისტოს ომის დროს სტალინის ძეგლის აფეთქების განზრახვის შესახებ უამბო.

”ამაზე ხუმრობით ვსაუბრობდით,”- განაცხადა მან, ”ეს ცნობილი ისტორიაა, – როდესაც გივი თარგამაძე ტყვეების გათავისუფლების თაობაზე ოკუპანტებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, უთხრა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ნუ დაანგრევთ, თუ გინდათ ფულს მოგცემთ და სტალინის ძეგლი ააფეთქეთო, – ასეთ კონტექსტში იყო ნათქვამი. თვითონ რუსი ოფიცრები ამბობდნენ, როგორ აკადრეთ ეს სტალინს, სტალინი ჩვენი იდეალიაო… ამ განწყობაზე იყო იქ საუბარი – ჩვენს მიწაზე შემოჭრილი რუსი ოფიცრები და რუსული არმია დღეს სტალინის მიმდევრები, სტალინისტები არიან. სწორედ ამის თქმა მინდოდა”.

მინისტრი ასევე აცხადებს, რომ მის სამინისტროს ”არავითარი კავშირი არ აქვს” საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვან ”პირველ კავკასიურ არხთან”. 

"პირველი კავკასიურის" ფუნქციაა, რუსულენოვან მაყურებელს აჩვენოს, რეალურად რა რეფორმები ტარდება და რაც არის საქართველოს სიძლიერე. ჩვენ გვახსოვს, რომ აფხაზეთის ომის დროს, რუსულმა პროპაგანდამ საქართველოს წინააღმდეგ განაწყო ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხების ნაწილი. ”პირველი კავკასიურის” მთავარი მიზანი ამ ხალხებამდე განსხვავებული, თავისუფალი აზრის მიტანაა,”- აღნიშნავს მერაბიშვილი.

”მოგეხსენებათ, ჩეჩნები და ჩრდილო კავკასიელები პირველ აფხაზურ და ოსეთის ომებში აქტიურად მონაწილეობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველო თავად გახდა აგრესიის მსხვერპლი, თვით მოსკოველ ჩეჩნებსაც კი გაუჩნდათ სიმპათიები ქართველების მიმართ, რადგან ქართველებიც რუსების აგერესიის მსხვერპლნი გახდნენ. მხოლოდ ამაზე იყო საუბარი,”- განმარტავს მერაბიშვილი და აქვე ხაზს უსვამს, რომ ”საქართველომ დაგმო მოსკოვში მომხდარი ტერორისტული აქტი”.

მისი თქმით, ”კომერსანტში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში არასწორად იყო ევგენი პრიმაკოვი დაკავშირებული ბაგრატიონთა სამეფო ქორწინების თემასთან.  

”საქართველოში მეფობის აღდგენასთან დაკავშირებით მაქვს ჩემი შეხედულებები, მიმაჩნია, რომ 21-ე საუკუნეში მეფობის აღდგენა სრული ანაქრონიზმია,”- აცხადებს მერაბიშვილი და განაგრძობს: ”რაც შეეხება პრიმაკოვს, მასთან მე დავაკავშირე ნოღაიდელი, ბურჯანაძე და ა.შ. მე მგონი, ეს სტატიაშიცაა ჩამოთვლილი. ასე რომ, ეს ორი სხვადასხვა თემაა”.

მისი თქმით, ის ”პოლიტიკური ფიგურაა” და შეფასებები, რომელიც ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციის შანსებთან დაკავშირებით გაზეთ ”კომერსანტის” ჟურნალისტს გაანდო, სიმართლეს შეესაბამება.

”შემიძლია დღესაც გავიმეორო… იმის გამო, რომ ოპოზიცია სუსტია, ის არჩევნებს ვერ მოიგებს,”- განაცხადა მან, ”იმ ინტერვიუში არ წერია, მაგრამ ნათქვამი მქონდა, რომ ის პოლიტიკოსები, ვინც მოსკოვში პუტინთან მოლაპარაკებებზე დადიან, ჯერ რეიტინგს კარგავენ და მერე მიდიან და არა პირიქით – ჯერ მიდიან და მერე კარგავენ რეიტინგს… რუსეთში წასვლა და პუტინთან შეხვედრები მათი სასოწარკვეთილების ნიშანია. მათ შორის, ნოღაიდელის შემთხვევაში”.

მერაბიშვილი ასევე გამოეხმაურა ნოღაიდელის გაფრთხილებას მის მიმართ, სადაც ექს-პრემიერი ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილს არჩევნების გაყალბება ”შეიძლება სიცოცხლის ფასადაც დაუჯდეს”.

”ნოღაიდელის განცხადებები მის შესაძლებლობებს არ შეესაბამება,”- აცხადებს მერაბიშვილი, ”ნოღაიდელს სერიოზულად არ ვუყურებ. იგივე შემიძლია ვთქვა ბურჯანაძეზეც”.

აქვე მერაბიშვილი აცხადებს, რომ ბიშკეკში განვითარებულ მოვლენების საქართველოსთან ”ვერავითარ კავშირს და გავლენას ვერ” ხედავს. მისი პროგნოზით, არჩევნები ჩაივლის ”მშვიდად და ობიექტურად”.

”არც არჩევნების მერე და არც არჩევნების დროს არავითარი არეულობა არ იქნება და არა იმიტომ, რომ პოლიცია არ დაუშვებს, არამედ საზოგადოების განწყობა მეტყველებს იმაზე, რომ ნოღაიდელისა და მის მსგავს მცირე რადიკალურ ჯგუფებს პრაქტიკულად, არავითარი მხარდაჭერა არ გააჩნიათ. საზოგადოების იმ ნაწილისთვისაც კი, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი, ამგვარი სცენარი სრულიად მიუღებელია. უბრალოდ, ამ ეტაპზე, ასეთ რადიკალურ ქმედებებს დასაყრდენი არ აქვს,”- განაცხადა მერაბიშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)