26 პარტია მიიღებს მონაწილეობას 30 მაისს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავდაპირველად წარდგენილი 36 განაცხადიდან, 10 პარტიას რეგისტრაციაზე უარი უთხრა. აქედან 6-მა პარტიამ რეგიტრაციისათვის სავალდებულო 30 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა საერთოდ არ წარადგინა, ხოლო 4 პოლიტიკურ გაერთიანებას, მათ შორის მწვანეთა პარტიას, წარდგენილ სიებში აღმოჩენილი ხარვეზების გამო ეთქვა რეგისტრაციაზე უარი.
რეგისტრირებულმა პარტიებმა საარჩევნო ბლოკის შექმნის სურვილის შემთხვევაში, ცესკოს 17 აპრილამდე უნდა მიმართონ. ბლოკების რეგისტრაცია 23 აპრილისთვის უნდა დასრულდეს.
საარჩევნო ბლოკის შექმნის გეგმებზე უკვე წინასწარ განაცხადეს ქრისტიან-დემოკრატებმა, პარტია ჩვენ თვითონ და ქრისტიან-დემოკრატიულმა სახალხო პარტიამ.
მოსალოდნელია, რომ ბლოკად დარეგისტრირების განაცხადით მიმართავს ცესკოს ალიანსი საქართველოსთვის, რომელშიც ამჟამად ოთხი პოლიტიკური სუბიექტია გაერთიანებული: ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები, ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკელები და საქართველოს გზა.
ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის, კონსერვატორები და ხალხის პარტია ასევე გაერთიანებული არიან ეროვნული საბჭოს ფარგლებში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)