პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს გამთენიისას ავღანეთში გაემგზავრა, სადაც ის ერთ დღეს იმ ქართული სამხედრო ასეულის ბაზაზე გაატარებს, რომელიც ნატოს საერთაშორისო ოპერაციაში ფრანგულ კონტიგენტთან ერთად ნოემბრიდან მონაწილეობს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საპარლამენტო დელეგაცია, რომელშიც ასევე შედიან დეპუტატები უმრავლესობიდან პეტრე ციკარიშვილი, სოსო ქუთათელაძე და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები გიორგი თარგამაძე და გია თორთლაძე, ქართული ასეულის ავღანეთში ყოფნის პირობებს გაეცნობა.
ერთ-ერთი ინფორმაციით, შესაძლოა დავით ბაქრაძე ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის შეხვდეს.
საპარლამენტო დელეგაცია თბილისში დღესვე დაბრუნდება.
ასეულის გარდა, მიმდინარე თვიდან ავღანეთში ქართული ბატალიონიც იღებს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობას – 750 ქართველი სამხედრო მოსამსახურე მისიას ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ჰელმანდის პროვინციაში ასრულებს. საქართველო ერთ სულ მოსახლეზე შეფარდებით ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ქვეყანაა ავღანეთის ოპერაციაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)