Site icon Civil.ge

ცესკო ამომრჩეველთა სიების კორექტირებას ახორციელებს

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, რომელიც წინასწარი მონაცემებით 3 580 447 შეადგენს, კიდევ დაახლოებით 10-15 ათასით შემცირდება მას შემდეგ, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) პარტიების მიერ სიების მონიტორინგის შედეგებს გაითვალისწინებს და საკუთარი ძალისხმევითაც შეეცდება სიების კორექტირებას, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა.

მან ეს განცხადება 19 აპრილს დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა, სადაც წარმოადგინა სიების გასწორების კუთხით ცესკოს მიერ გაწეული სამუშაო, მათ შორის იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც პარტიებმა სიების გადამოწმების შედეგად წარადგინეს.

ამ ეტაპისთვის პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით სიაში 16 ათასი მონაცემია ცესკოს მიერ ჩასწორებული, თუმცა ეს პროცესი გრძელდება.

კერძოდ, ცესკოს ინფორმაციით, სიებში აღმოჩენილი 675  დუბლირებული ამომრჩევლიდან 225 შემთხვევა დადასტურებულია, ხოლო 85-ზე მიმდინარეობს დამატებითი მოკვლევა; სიებში აღმოჩენილი 8 523 გარდაცვლილის მონაცემიდან დღეისათვის ჩასწორებულია 2 825 შემთხვევა; ასევე ერთ ბინაში რეგისტრირებული ოცი და მეტი ამომრჩევლის 63 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 60 უკვე გამოსწორებულია.  

ცესკოს თავმჯდომარემ დაასახელა მაგალითი, სადაც ერთ-ერთ მისამართზე მიწერილი იყო 40 პირი, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდათ გაუქმებული.

სიების მონიტორინგი, ძირითადად თბილისში და ასევე ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში, 11-მა კვალიფიციურმა პარტიამ 1.2 მლნ ლარის საბიუჯეტო დაფინანსების პარიტეტული გადანაწილების საფუძველზე დაახლოებით ორთვიან ვადაში განახორციელა და შედეგები ცესკოს 10 აპრილამდე წარუდგინა. მონიტორინგში მონაწილეობა მიიღო ასევე რამდენიმე არაკვალიფიციურმა სუბიექტმაც.

ხარატიშვილის თქმით, მონიტორინგის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა მრეწველების, რესპუბლიკელების და ახალი მემარჯვენეების, და ასევე საქართველოს გზის მიერ წარდგენილი მონაცემები. 

იმავდროულად, საარჩევნო სიებისა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ბაზების სრულ სტრუქტურულ შესაბამისობაში მოყვანის შედეგად ცესკომ ჩაასწორა ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო 133 ათასამდე ჩანაწერი.

ამასთან, დაგეგმილია სიებიდან იმ 6 680 ამომრჩევლის ამოღება, რომლებიც კოდორიდან, ახალგორიდან და ლიახვის ხეობიდან არიან 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილები და შესაბამისი რეგისტრაცია არ გაუვლიათ ახალი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ცესკომ სასაზღვრო პოლიციიდან თავდაპირველად მიიღო იმ 169 ათასი ამომრჩევლის სია, რომელთაც ქვეყანა 2008 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრის ჩათვლით დატოვეს და უკან არ დაბრუნებულან. თუმცა, მისი თქმით, 15 აპრილის მდგომარეობით, ეს კატეგორია შემცირდა 121 ათასამდე, რადგან ”მოკლევადიანი გასულები ვინც იყვნენ, ისინი მობრუნდნენ”.  ამ ამომრჩევლებს სიებში მიეთითებათ სტატუსი ”იმყოფება უცხოეთში”.

ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია გეგმავს საარჩევნო სიების გადამოწმების პროცესში ჩართოს საუბნო საარჩევნო კომისიები და მუდმივად განაახლოს მონაცემები 20 მაისამდე – ამ თარიღის შემდეგ, კანონმდებლობით, სიებში ცვლილებების შეტანა იკრძალება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)