Site icon Civil.ge

სააკაშვილი კრაკოვში კაჩინსკის დაკრძალვას დაესწრო

პრეზიდენტმა სააკაშვილმა კვირას კრაკოვში ჩასვლა პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის და მისი მეუღლის დაკრძალვამდე, დაახლოებით, ერთი საათით ადრე მოახერხა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროპაში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვების გამო პოლონეთში მოსახვედრად მიხეილ სააკაშვილი ამერიკიდან ჯერ პორტუგალიაში ჩავიდა, შემდეგ იტალიასა და თურქეთში.

”ყველა ქვეყანაში პრეზინდეტს მგზავრობის გაგრძელების უსაფრთხოებისთვის სპეციალური ნებართვის აღება სჭირდებოდა,” – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევით შექმნილი ფერფლის ღრუბელი ევროპის ნაწილში კვლავაც აფერხებს საჰაერო მიმოსვლას, რის გამოც კრაკოვში ჩასვლა ვერ მოახერხა რამოდენიმე ათეულმა დელეგაციამ, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტმა, გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ჩასვლიდან ცოტა ხანში პრეზიდენტი სააკაშვილი დაკრძალვის პროცესიას შეუერთდა, რომელიც წმინდა მარიამის ბაზილიკიდან, სადაც სამგლოვიარო მესა გაიმართა, ვაველის ტაძრისკენ მიემართებოდა, სადაც ლეხ და მარია კაჩინსკები დაკრძალეს.

დასაფლავების ცერემონიას ასევე ესწრებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსი, რომელიც, როგორც პრეზიდენტის ადმნისტრაცია იტყობინება, კრაკოვში ბრიუსელიდან სახმელეთო ტრანსპორტით ჩავიდა.

ლეხ კაჩინსკის, გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა; საქართველოს ხელისუფლებამ ასევე გადაწყვიტა თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ლეხ კაჩინსკის სახელი დაარქვას.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა 18 აპრილს, რომ ლეხ კაჩინსკის დაღუპვა ”დიდი” და ”სერიოზული დანაკლისია” არა მხოლოდ პოლონეთისთვის, არამედ საქართველოსთვისაც.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ”აქცენტები” საუბრისას იაკობაშვილმა განაცხადა, რომ მოვა დრო და შესაძლებელი გახდება ღიად იმაზე საუბარი, თუ რა როლი შეასრულა კაჩინსკიმ ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დროს. მისი თქმით, სწორედ პოლონეთის პრეზიდენტის დამსახურება იყო, რომ სამიტის დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები.

”პრეზიდენტი კაჩინსკი და მთელი პოლიტიკური ელიტა, ის გუნდი, რომელიც მასთან ერთად დაიღუპა, ჩვენთვის მართლა ძალიან სერიოზული დანაკარგია იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ჩვენი სერიოზული მხარდამჭერები უშუალოდ ევროკავშირში და ნატოში. ალბათ დრო მოვა და ჩვენ ბევრ რამეზე უფრო ღიად შეგვეძლება საუბარი, თუ რა მოხდა ნატოს სამიტზე [ბუქარესტში] და რა როლი ითამაშა ბატონმა კაჩინსკიმ. ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ის ჩანაწერი, რომელიც იქ გაჩნდა, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად იქნებიან ნატოში, ეს მისი დამსახურებაა,” – განაცხადა იაკობაშვილმა.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)