ეროვნულ საბჭოში შემავალი პარტიების, ხალხის პარტიის და კონსერვატორების ლიდერები კობა დავითაშვილი და კახა კუკავა 22 აპრილს რუსეთში გაემგზავრნენ, სადაც სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებთან გამართავენ შეხვედრებს.
დავითაშვილმა და კუკავამ განაცხადეს, რომ მათი ვიზიტის ორგანიზატორია ქართული დიასპორა რუსეთში. კობა დავითაშვილის თქმით, გარდა დეპუტატებთან შეხვედრებისა, ასევე დაგეგმილია შეხვედრები ქართულ დიასპორასთან.
მოსკოვში გამგზავრებამდე მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთში ქართული დიასპორის რესურსები, მათ შორის ფინანსურიც, რუსეთში ლობირებისთვის უნდა იქნას გამოყენებული, რათა მოხდეს რუსული საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, რაც ხელსაყრელი იქნება საქართველოსთვის და საბოლოო ჯამში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, რომლის პარტიაც მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ეროვნული საბჭოს წევრია, მოსკოვს ბოლო თვეების მანძილზე რამოდენიმეჯერ სტუმრობდა; დეკემბერში ის რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს შეხვდა, ხოლო თებერვალში მისმა პარტიამ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა რუსეთის მმართველ პარტიასთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)