რამოდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ და ჯგუფმა განაცხადა, რომ 6 მაისს – დღე რომელიც ქართული პოლიციის დღედ გამოცხადდა – ისინი საპროტესტო აქციას გამართავენ.
ოპოზიციურმა ჯგუფებმა, მათ შორის ლევან გაჩეჩილაძის დაიცავი საქართველომ, ეროვნულმა საბჭომ და ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველომ, ასევე ეკა ბესელიამ 3 მაისს განაცხადა, რომ 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადება მიუღებელი და ”ცინიკურია” ორი მიზეზის გამო.
მათი თქმით, პირველი მიზეზი ის არის, რომ 6 მაისი გიორგობაა, ხოლო მეორე მიზეზი ისაა, რომ 6 მაისს გადის ერთი წელი მას შემდეგ, რაც თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც ათობით მომიტინგე, მათ შორის რამოდენიმე ოპოზიციის ლიდერი, დაშავდა პოლიციის მიერ არალეტალური იარაღის გამოყენების შედეგად.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ისინი 6 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მახლობლად გამართავენ აქციას. სწორედ ამ დღეს აპირებს სამინისტრო პოლიციის აღლუმის ჩატარებას პოლიციის დღის აღსანიშნავად.
ალიანსმა საქართველოსთვის, რომლის ლიდერი ირაკლი ალასანია მერობის კანდიდატია, განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ალიანსი 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადების წინააღმდეგია, იგი არ შეუერთდება აქციას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 4 მაისს გაზეთ ”24 საათში” გამოქვეყნებულ წერილში დაიცვა პოლიციის დღესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ 6 მაისი ყველაზე შესაფერის დღედ იქნა მიჩნეული.
”საქართველოს პოლიციას დღემდე ორი პოფესიული თარიღი ჰქონდა: 10 ნოემბერი – პოლიციის დღე და 30 ნოემბერი – უშიშროების თანამშრომლის დღე. ორივე თარიღი სრული ანაქრონიზმი იყო, რადგან ერთი საბჭოთა მილიციის, მეორე კი საბჭოთა ჩეკას შექმნას აღნიშნავდა,” – აცხადებს მერაბიშვილი წერილში.
მისი თქმით, 6 მაისი იმიტომ შეირჩა, რომ ეს თარიღი ”საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობისთვის სასიამოვნო ემოციებთან ასოცირდება – ჯერ ერთი გიორგობაა და ამასთან ერთად, ეს ის დღეა, როდესაც აჭარა გათავისუფულდა ასლან აბაშიძის რეჟიმისაგან” 2004 წელს.
წერილში მერაბიშვილმა ის მიღწევებიც ჩამოთვალა, რომელსაც, მისი თქმით, ქართულმა პოლიციამ ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია. მათ შორის მან დანაშაულის დონის შემცირებაც დაასახელა.
”ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა დღემდე არის ის, რომ პოლიციელებმა საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში სიმპათია დაიმსახურეს. იმისათვის, რომ მათ ეს მონაპოვარი მომავალშიც შეინარჩუნონ, ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მათ შორის მნიშვნელოვანია ის, რომ პოლიცია ყოველთვის დარჩეს პოლიტიკისაგან შორს,” – წერს მერაბიშვილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)