შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 5 მაისს განაცხადა, რომ პოლიცია დარჩება ”ნეიტრალური”, პოლიტიკისგან შორს და დაიცავს ყველა მოქალაქის უფლებას მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა.
”რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ეთერში 5 მაისს საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა, მერაბიშვილი კიდევ ერთხელ შეეხო 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადების გადაწყვეტილებას და გაიმეორა ის არგუმენტები, რომლებიც მან გაზეთ ”24 საათში” გამოქვეყნებულ წერილში ჩამოაყალიბა.
რამოდენიმე ოპოზიციურმა ჯგუფმა დაგმო ეს გადაწყვეტილება და 6 მაისს შსს-ის მახლობლად საპროტესტო აქციის მოწყობა გადაწყვიტა. თუმცა 6 მაისს, სამინისტროსთან აღლუმის მიმდინარეობის დროს, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილიც ესწრება, შენობასთან მიმავალი გზები გადაიკეტა, რის შედეგადაც აქციის მონაწილეები სამინისტროსთან მიახლოებას ვერ ახერხებენ.
”შარშან მთელი წლის განმავლობაში იყო არაერთი მცდელობა პოლიცია ჩაერთოთ პოლიტიკურ დაპირისპირებაში,” – განაცხადა მერაბიშვილმა, ”ნებისმიერი მცდელობა, ვინც არ უნდა იყოს ეს, ჩარიოს პოლიცია პოლიტიკურ დაპირისპირებაში, უშედეგოდ დასრულდება, რადგანაც პოლიცია იყო და დარჩება ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სახელმწიფო ორგანოდ”.
”ჩვენ ვიქნებით თითოეული მოქალაქის – ვინც არ უნდა იყოს ის და რანაირი პოლიტიკური, რელიგიური, ეთნიკური წარმომავლობაც არ უნდა ქონდეს ან რომელ ჯგუფსაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს – მათი სამოქალაქო უფლებების დამცველი,” – დასძინა მან.
ერთ-ერთ ბოლო შემთხვევას, როდესაც პრეტენზიები გამოითქვა პოლიციის მისამართით, 4 მაისს ჰქონდა ადგილი, როდესაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ გამოხატვის თავისუფლების მხარდამჭერი აქცია, რადიკალურად განწყობილმა მართლმადიდებლურმა ჯგუფმა ჩაშალა. ჯგუფის რამოდენიმე წევრმა ძალადობასაც მიმართა და აქციის რამოდენიმე მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოითქვა პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ მართალია ჩხუბის დროს საპატრულო პოლიცია შეეცადა მხარეების დაშორიშორებას, მაგრამ მათ ვერ მიიღეს შესაბამისი ზომები მშვიდობიანი აქციის მონაწილეების თავდასხმებისგან დაეცვათ.
ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-თან ინტერვიუში მერაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს უშიშროების სტრუქტურების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ”უცხოური სახელმწიფოს მიერ დაკვეთილი და მხარდაჭერილი” რაიმე შესაძლო დესტაბილიზაციის თავიდან აცილებაა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)