თბილისის მერობის ძირითადი კანდიდატები 8 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში დაგეგმილ დებატებში მიიღებენ მონაწილეობას.
დებატები 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, 21:00 საათზე იგეგმება და მას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის წამყვანი, ეკა მიშველაძე, გაუძღვება, განუცხადა Civil.Ge-ს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ 6 მაისს.
მოქმედმა მერმა გიგი უგულავამ ნაციონალური მოძრაობიდან; ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანიამ; კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატმა გიორგი ჭანტურიამ და მრეწველთა ლიდერმა გოგი თოფაძემ დაადასტურეს რომ დებატებში მონაწილეობას მიიღებენ.
სულ თბილისის მერობის ცხრა კანდიდატია რეგისტრირებული. თუმცა დებატებისთვის ეს ხუთი კანდიდატი იმ პრინციპით შეირჩა, რომ ისინი ”კვალიფიციურ” საარჩევნო სუბიექტებს წარმოადგენენ – საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ეს ის პარტიებია, რომელთაც ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს ხმების სულ ცოტა 4% მიიღეს, ხოლო უკანასკნელ ადგილობრივ არჩევნებზე ხმების 3% მაინც დააგროვეს.
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის სატელევიზიო დებატებისთვის, სავარაუდოდ, 9 მაისისთვის საეთერო დრო გამოუყოს, ”არაკვალიფიციური პარტიების” მიერ დასახელებულ დანარჩენ ოთხ კანდიდატსაც, თუ ისინი თანახმა იქნებიან მონაწილეობაზე.
დებატები ტარდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანადაფინანსებით. USAID-მა დაახლოებით 40 000 აშშ დოლარი გამოყო დებატების ორგანიზებისთვის, დებატების შემდგომი გამოკითხვისა და ფოკუს ჯგუფების ჩატარებისთვის, კანდიდატთა წინასწარი მომზადებისა და სხვა სახის დახმარებისთვის.
დებატების ფორმატით გათვალისწინებულია, რომ თითოეულ კანდიდატს დაეთმობა თანაბარი დრო შესავალი და დასკვნითი გამოსვლისთვის, ასევე წამყვანის შეკითხვების საპასუხოდ.
კანდიდატებისთვის წინასწარ ცნობილია დებატების ზოგადი თემები, თუმცა კონკრეტული შეკითხვები ყველა კანდიდატს დებატების დაწყებამდე მხოლოდ ერთი საათით ადრე გადაეცემა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)