პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 21 მაისს, რომ მომავალი ადგილობრივი არჩევნები ”სამაგალითო” უნდა იყოს, რადგანაც მას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
”მე ვფიქრობ ჩვენ, როგორც კარგად ორგანიზებულ და წამყვან პოლიტიკურ ძალას საქართველოში, გვაქვს ორმაგი პასუხისმგებლობა,” – განაცხადა მან მმართველი პარტიის დეპუტატებთან შეხვედრაზე, რომელიც ტელევიზიით გადაიცა.
”ერთი პასუხისმგებლობა არის ის, რომ არსებული კურსით რეფორმების, აღმშენებლობის, მიუხედავად ყველა სიძნელისა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მძვინვარებს ახალი ტალღა ეკონომიკური კრიზისის, შევინარჩუნოთ მაქსიმალურად და ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე და მეორე ის, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს სამაგალითოდ. ვერავინ ვერაფერზე ვერ დაგვდოს საფუძვლიანი ბრალი ან ვერ მოგვდოს შარი. იმიტომ, რომ ამას აქვს როგორც შიდა პოლიტიკური, ასევე საგარეო პოლიტიკური, ჩვენი უსაფრთხოების თავლსაზრისით, დიდი მნიშვნელობა,” – განაცხადა მან.
”მიმაჩნია, რომ ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯია ბოლო ხანებში საარჩევნო კომისიის მხრიდან. წარმოუდგენელი ხელმისაწვდომობის კუთხით ჩვენი მედია საშუალებების. მე არ ვიცი, არ ვიცნობ საარჩევნო კამპანიას ბევრგან მსოფლიოში, სადაც ყველა პარტიას ამდენი საათი შეუძლია ყველა არხზე ილაპარაკოს, სადაც ყველა პარტიას შეუძლია ყველა არხზე, მათ შორის ამ არხებისთვის წამგებიანი კუთხით რეკლამა განათავსოს და ეს, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩათ, მათ შორის არც უცხოელ დამკვირვებლებს,” – განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ოპოზიცია გააკრიტიკა იმის გამო, რომ არარეალისტურ, ”კოსმიური მასშტაბების” დაპირებებს აძლევენ ამომრჩევლებს.
”მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს მეტი პასუხისმგებლობისკენ. მე არ ვლაპარაკობ იმ ხალხზე, ვინც ღიად არის დაკავშირებული საქართველოს მტერთან, საქართველოს ტერიტორიის ოკუპანტთან, ეხლა მათი პასუხისმგებლობაზე მოწოდება ნიშნავს მგლის თავზე სახარების კითხვას – ეს არ არის ჩვენი ფუნქცია. საზოგადეობა, მე ვფიქრობ, მათ ვერდიქტს გამოუტანს,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”მე ვლაპარაკობ იმ პოლიტიკურ ძალებზე, ვისაც აქვთ პრეტენზია, რომ არიან საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესის მონაწილეები, მოქმედებენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და თამაშობენ წესების დაცვით”.
”ჩვენც ვყოფილვართ ოპოზიციაში და გახსოვთ, რომ ჩვენი დაპირებები იყო ძალიან მინიმალური, იმიტომ რომ ჩვენ დავპირდით იმას, რაც გვეგონა იყო რეალურად სწორად შესრულებადი, იცით რომ იმაზე ბევრად მეტი გაკეთდა და როგორც ლოზუნგი ამბობს – გასაკეთებელი კიდევ ბევრად უფრო მეტია,” – განაცხადა მან.
”მაგრამ როცა ხალხი პანიკაშია ჩავარდნილი თავისი რეიტინგების კლების გამო და პირდება ტელევიზიით, მათ შორის რეკლამებში, საერთოდ ყველაფერს მსოფლიოში და მალე ალბათ მარსზე და მთვარეზე გაფრენას დაპირდებიან ხალხს, ეს უკვე არანაირ ჩარჩოში არ თავსდება. პირდებიან მთლიანად უფასო ჯანდაცვას, უფასო წამლებს, უფასო კვებას, უფასო მგზავრობას, უფასო ცხოვრებას, კომუნიზმს უკვე აყვანილს უმაღლეს რანგში,” – განაცხადა სააკაშვილმა.
”რა თქმა უნდა, ჩვენ ხალხს ძალიან უჭირს, მაგრამ ნურავის ნუ გონია, რომ გაჭირვება რამე კავშირში არის იმასთან, რომ ადამიანი გაჭირვებული შეიძლება უფრო ადვილად გაასულელო. ჩვენ გვყავს ბევრი გაჭირვებული, მაგრამ ნამდვილად არ გვყავს არამოაზროვნე და გაუთვითცნობიერებელი საზოგადეობა. რატომ გგონიათ, რომ ჩვენი ხალხი იმდენად მიამიტია, რომ ყველაფერ ამას დიდი კოვზით შეყლაპავს,” – განაცხადა მან.
”ჩვენი მთავარი პოლიტიკური კაპიტალი, დაგროვილი ამ წლების განმავლობაში, არის ის, რომ ჩვენ არასდროს ზედმეტს არ დავპირდებით და რასაც ვპირდებით, ის უნდა შევასრულოთ. ჯობია ნაკლები დავპირდეთ და მეტი შესრულდეს, მაგრამ არასდროს ტყუილი არ უნდა ვთქვათ,” – განაგრძო მან, ”მთავარი პოლიტიკური კულტურა, რაც მე მიმაჩნია ამ პოლიტიკურმა გუნდმა და ნაციონალურმა მოძრაობამ დაამკვიდრა საქართველოში… ეს არის მთავარი სტანდარტი – ჩვენ ყოველთვის ვამბობთ სიმართლეს ან როგორც მინიმუმ არ ვამბობთ ტყუილს და ვერასდროს ვეღარავინ ვერ უნდა აქციოს ტყუილი პოლიტიკის კეთების ინსტრუმენტად”.
სავარაუდოდ, რუსეთის მისამართით სააკაშვილმა განაცხადა, რომ ”ერთ ძალას და ერთი ქვეყნის ხელმძღვანელობას საქართველოს დანგრევა სურს”.
”მაგრამ მიუხედავად ამ მცდელობებისა, ამ არჩევნებს ჩავატარებთ ორგანიზებულად, მშვიდად. ჩვენ ყველამ წინასწარ ვიცით, რომ ვიღაცეები აუცილებლად იყვირებენ, რომ არჩევნები გაყალბდა,” – განაცხადა სააკაშვილმა.
”ჩვენ მართლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, როგორც პრაქტიკულად ყველაფერი გავხსენით – საარჩევნო კომისია გამჭირვალე გახდა, მედია და ტელევიზები მთლიანად ხელმისაწვდომი გახდა, ასევე ხელმისაწვდომი გავხადოთ საარჩევნო დღის პროცესი გამჭირვალე ყველასათვის,” – განაცხადა მან.
სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პოზიტიური ტენდენციაა, რომ ”უფრო პროფესიული, უფრო საქმეზე კონცენტრირებული” პოლიტიკური დისკუსიები იმართება არჩევნების წინ.
”სერიოზულ ხალხში რადიკალიზმი მოდაში აღარ არის,” – განაცხადა მან, ”რა თქმა უნდა, ეს არის ის, რომ საზოგადოება ძალიან დაიხვეწა და ძალიან ბევრი ინფორმაცია და გამოცდილება მიიღო ძალიან მოკლე დროში”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)