- უგულავა ხელახლა გახდა მერი;
- თბილისის საკრებულოში ხუთი პარტია შევა;
- ქრისტიან-დემოკრატებმა რეგიონებში უკეთესი შედეგი აჩვენეს, ვიდრე დედაქალაქში.
თბილისის ყველა საარჩევნო უბნიდან მიღებული ოქმების ხმების დათვლის თანახმად, თბილისის მოქმედმა მერმა გიგი უგულავამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ხმების 55.2%-ით.
მისმა მთავარმა მეტოქემ, ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, ხმების 19.05% მიიღო.
ადგილობრივი არჩევნების მეორე დღეს უგულავას საარჩევნო კამპანიის პლაკატები ახლით შეიცვალა, სადაც წერია: ”გმადლობთ, თბილისელებო, მხარდაჭერისთვის”.
უგულავამ, რომელიც 2005 წლის ივლისიდან თბილისის მერია, ბევრად მეტი ხმა მიიღო თბილისში, ვიდრე პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. მიხეილ სააკაშვილმა მართალია ქვეყნის მასშტაბით ორი წლის წინ მოიგო არჩევნებში, დედაქალაქში მან არჩევნები თავის მთავარ მეტოქესთან ლევან გაჩეჩილაძესთან წააგო და ხმების მხოლოდ 32.5% დააგროვა.
ნაციონალური მოძრაობა ასევე ლიდერობს პროპორციულ არჩევნებში როგორც თბილისში, ისე ქვეყნის მასშტაბით.
თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის ხმების ნახევარზე მეტის დათვლის შედეგად ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში დაახლოებით 52%-ით ლიდერობს. მას მოყვება ალიანსი საქართველოსთვის – 18.8%-ით და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა – 11.5%-ით.
ეროვნულმა საბჭომ თბილისში 9% მიიღო. 4%-იან ბარიერს, რომელიც თბილისის საკრებულოს პროპორციული მანდატების მოპოვებისთვისაა საჭირო, ასევე გადალახავს მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.
თბილისის ახალ, 50-წევრიან საკრებულოში, 25 ადგილს პროპორციული სიით გასული, ხოლო 25 ადგილს მაჟორიტარი კანდიდატები დაიკავებენ. მაჟორიტარული არჩევნების ოფიციალური წინასწარი შედეგების თანახმად, 25-ივე მაჟორიტარულ მანდატს მმართველი პარტიის კანდიდატები მიიღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა საკრებულოში უმრავლესობას შეინარჩუნებს.
სავარაუდოდ, ადგილების უმრავლესობას ქვეყნის მასშტაბით არსებულ დანარჩენ 63 საკრებულოშიც მმართველი პარტია დაიკავებს.
ხმების ნახევარზე მეტის დათვლის შედეგად, ნაციონალური მოძრაობა 62.7%-ით ლიდერობს ქვეყნის მასშტაბით.
ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ რეგიონებში უკეთეს შედეგს მიაღწია, ვიდრე დედაქალაქში, სადაც ხმების 11.9% მიიღო. მას მოყვება ალიანსი საქართველოსთვის 11.13%-ით.
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა 31 მაისს, რომ ადგილობრივი არჩევნები მისი პარტიისთვის წარმატებული იყო.
”თუკი რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას გააჩნია მყარი საფუძველი წარმატებაზე საუბრისა, ეს ვართ ჩვენ, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომელმაც მთელი საქართველოს მასშტაბით ოპოზიციურ ფლანგზე ავიღეთ მყარი პირველი ადგილი,” – განაცხადა თარგამაძემ, ”ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველა თვითმმართველ ქალაქსა და რეგიონში, ფაქტობრივად გვაქვს მეორე ადგილი”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)