Site icon Civil.ge

ცესკომ თბილისის ადგილობრივი, ასევე შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების დედაქალაქში მიღებული შედეგები და ასევე შუალედური არჩევნებით პარლამენტში არჩეული სამი ახალი დეპუტატის მიერ მიღებული საბოლოო შედეგები დაამტკიცა.

თბილისის მერად არჩეულად ხმათა 55.2%–ით მოქმედი მერი და მმართველი პარტიის კანდიდატი გიგი უგულავა გამოცხადდა.

თბილისის საკრებულოში ის ხუთი პოლიტიკური სუბიექტი მოხვდა, რომელთაც 4%–იანი საარჩევნო ბარიერი დაძლიეს. საბოლოო შედეგების თანახმად, 25 პროპორციული მანდატი პარტიებზე ასე გადანაწილდა: ნაციონალური მოძრაობა (52.5%)  – 14 მანდატი; ალიანსი საქართველოსთვის (17.9%) – 5 მანდატი; ქრისტიან–დემოკრატები (12.05%)  – 3 მანდატი; ეროვნული საბჭო (8.2%) – 2 მანდატი; მრეწველები (6.2%)  – 1 მანდატი.

დედაქალაქის საკრებულოში 25–ვე მაჟორიტარული მანდატი მმართველი პარტიის დეპუტატებმა მიიღეს. (საკრებულოს სახელობითი შემადგენლობა იხილეთ აქ).

ცესკოს თანახმად, თბილისში 981 505 ამომრჩევლიდან არჩევნებზე მივიდა 457 903 (46.7%), ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით,  1 740 652 ადამიანმა (ამომრჩეველთა 49%-მა) მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

ცესკოს ინფორმაციით, რეგიონებში საოლქო კომისიებმა ასევე შეაჯამეს ადგილობრივი არჩევნების შედეგები, რაც ეტაპობრივად განთავსდება ცესკო–ს ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

არჩეული საკრებულოების პირველის სხდომები, კანონის თანახმად, არჩევნების შეჯამებიდან 30 დღეში უნდა იქნას მოწვეული პრეზიდენტის მიერ.

რაც შეეხება პარლამენტის შუალედურ არჩევნებს, რომელიც სამ საარჩევნო ოლქში ჩატარდა, მაჟორიტარი დეპუტატების მანდატები მიიღეს ნაციონალური მოძრაობის შემდეგმა კანდიდატებმა: ჩუღურეთის ოლქში – ანდრო ალავიძემ (66.3%); გურჯაანში  – გიორგი ჩივიაშვილმა (81%); და ოზურგეთში –  გოჩა შანიძემ (76.3%).

არჩევნების შედეგები საარჩევნო დავების განხილვის შემდეგ იქნა შეჯამებული. 

საარჩევნო ადმინისტრაციის სამივე დონის კომისიებში საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით სულ 469 საჩივარი იქნა შეტანილი. აქედან, ცესკოს საჩივართა რეესტრის თანახმად, 120 საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული; 217 არ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – 31; და დაკმაყოფილდა მხოლოდ 45 საჩივარი; 2 შემთხვევაში უარი ითქვა საჩივრის განხილვაზე; 7 შემთხვევაში საჩივარი გადაეგზავნა "შესაბამის ორგანოებს", 18 შემთხვევაში სადავო საკითხი აღმოიფხვრა ადგილზე; ხოლო 4 საჩივარი რეაგირებისთვის გადაიგზავნა ზემდგომ საარჩევნო კომისიაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)