რესპუბლიკელებმა და ახალმა მემარჯვენეებმა განაცხადეს, რომ ისინი ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მხარს უჭერდნენ ალიანსი საქართველოსთვის შემავალი ოთხი პარტიის მჭიდრო ინტეგრაციას, თუმცა პარტნიორებს შორის ამ საკითხზე კონსენსუსი ვერ იქნა მიღწეული და შედეგად ალიანსი დაიშალა.
“კერძოდ, ირაკლი ალასანიამ შემდგომი პოლიტიკური წარმატებების უპირველეს წინაპირობად ჩათვალა საკუთარი პარტიის გაძლიერება და გადაწყვიტა თავისი ძალისხმევა სწორედ ამ საქმეს მოახმაროს. ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას და ვუსურვებთ წარმატებას,“– ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, რესპუბლიკური პარტია კვლავაც მზადაა გააგრძელოს თანამშრომლობა პარტნიორებთან, რომლის „ხარისხი და ინტენსივობა დამოკიდებული იქნება მიმდინარე კონსულტაციების შედეგად მიღწეულ შეთანხმებებზე“.
ახალი მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის განმარტებით, მისი პოლიტიკური პარტია „ალიანსის“ ერთ პარტიად ფორმირების მომხრე იყო, თუმცა „არჩევნების შემდეგ მოვლენების ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ვერ მოხერხდებოდა“.
მისი თქმით, ახალი მემარჯვენეები პარტიულ გაძლიერებას და „უახლოესი არჩევნებისთვის“ მზადებას იწყებენ და ითანამშრომლებენ არა მხოლოდ „ალიანსის“ ყოფილ წევრებთან, არამედ სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც.
ირაკლი ალასანიამ ოთხსუბიექტიანი პოლიტიკური გაერთიანების დაშლის შესახებ 15 ივნისს გამოაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ლიდერებმა ერთობლივად მიიღეს.
ალიანსი ახალმა მემარჯვენეებმა, რესპუბლიკელებმა და ირაკლი ალასანიამ 2009 წლის თებერვალში ჩამოაყალიბეს მას შემდეგ, რაც ალასანიამ, საქართველოს ყოფილმა ელჩმა გაეროში თანამდებობა 2008 წლის დეკემბერში დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა. 2009 წლის ივლისში მან საკუთარი პარტია, ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატები დააფუძნა, რომელიც ავტომატურად გახდა ალიანსი საქართველოსთვის წევრი, ხოლო მისი თავმჯდომარის პოსტი თავად ალასანიამ დაიკავა. 2010 წლის აპრილში, წინასაარჩევნოდ ალიანსს სალომე ზურაბიშვილის საქართველოს გზაც შეუერთდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)