სოხუმი "დროებით ტოვებს“ ჟენევის მოლაპარაკებებს, რადგანაც აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებულმა მოლაპარაკებებმა "რეალურ პროგრესს ვერ მიაღწია,“ აღნიშნა აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის უფროსმა მრჩეველმა, ნადირ ბიტიევმა ინგლისურენოვან განცხადებაში, რომელიც 23 ივნისს საღამოს გამოქვეყნდა.
ბიტიევმა, რომელიც ჟენევის დისკუსიებზე აფხაზეთის დელეგაციის წევრია, განაცხადა, რომ სოხუმმა უკვე აცნობა ამ გადაწყვეტილების თაობაზე "ხუთი მხარის მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებებების ზედამხედველი სამდივნოს ოფისს“.
„ჩემს მთავრობას სჯერა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების კონცეფცია ჯანსაღია და გვინდა, რომ აქტიური მონაწილეობა მივიღოთ იმ დისკუსიების სერიაში, რომელიც პროდუქტიულია. ვწუხვართ, რომ ამ ეტაპზე ამ გადაწყვეტილების მიღება მოგვიწია. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ თანათავმჯდომარეები მუდმივად ვერ ახერხებენ ხელი შეუწყონ მოლაპარაკებებს კონსტრუქციული და მიუკერძოებელი გზით,“ – ნათქვამია ბიტიევის განცხადებაში.
მან ასევე განაცხადა, რომ აფხაზური მხარე „მას შემდეგ დაუბრუნდება პროცესს, როდესაც თანათავმჯდომარეები კონკრეტულ დოკუმენტს წარმოადგენენ, რომელშიც ყველა მხარის წინადადებები შევა და ღია დისკუსიის და დებატების საშუალებას უზრუნველყოფს“.
„ვიმედოვნებთ, რომ ამგვარი დოკუმენტი გონივრულ ვადებში იქნება წარმოდგენილი,“ – განაცხადა მან.
ჟენევის მოლაპარაკებების მეთერთმეტე რაუნდი საქართველოს, რუსეთის, აშშ–ის და ასევე სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლების მონაწილეობით 8 ივნისს გაიმართა და ერთადერთი კონკრეტული შეთანხმება, რასაც მხარეებმა მიაღწიეს, მომდევნი რაუნდის თარიღია – 27 ივლისი.
უთანხმოების მთავარი თემა ძალის არგამოყენების შესახებ დეკლარაცია ან შეთანხმებაა. მოსკოვი უკვე დიდი ხანია ითხოვს ცალ-ცალკე, დამატებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებს თბილისსა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს შორის. თავად რუსეთი უარს ამბობს ამგვარი დოკუმენტის ხელმოწერაზე, რადგანაც თავს კონფლიქტის მხარედ არ მიიჩნევს. თბილისი აცხადებს, რომ ის სრულად ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიან შეთანხმებას, რომელიც ძალის არგამოყენების ვალდებულებასაც შეიცავს, თუმცა იგი მზად არის კიდევ ცალკე, დამატებით შეთანხმებას მოაწეროს ხელი იმ პირობით, რომ რუსეთი ამ შეთანხმების მხარე იქნება. საქართველოს ასევე სურს, რომ ახალ შეთანხმებაში ის ვალდებულებებიც აისახოს, რომელიც რუსეთმა ექვსპუნქტიანი შეთანხმებით აიღო და რომლის თანახმადაც რუსეთის შეიარაღებული ძალები იმ პოზიციაზე უნდა დაბრუნდნენ, სადაც ისინი 2008 წლის აგვისტოს საომარ მოქმედებებამდე იყვნენ განლაგებული.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბევრჯერ უთქვამს და მათ შორის ბოლო რაუნდის შემდეგაც, რომ მიუხედავად რუსეთის "არაკონსტრუქციული“ პოზიციისა, ჟენევის დისკუსიები "ღირებულ ფორუმს” წარმოადგენს და სამინისტრო მზად არის ”განაგრძოს სრული და კონსტრუქციული მონაწილეობა მოლაპარაკებებში ყველა სადავო საკითხის, მათ შორის ყველაზე მგრძნობიარე და საკამათო საკითხების განხილვის მიზნით”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)