Site icon Civil.ge

ალასანია ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს

ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც კვირის დასაწყისიდან აშშ–ის სტუმრობს, შეხვედრები გამართა თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.

მისი პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ალასანია 25 ივნისს შეხვდა აშშ–ის პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს და ეროვნული უშიშროების საბჭოს რუსეთის და ევრაზიის საკითხებში უფროს დირექტორს მაიკლ მაკფოლს, რომლის დროსაც "საქართველოზე ობამა-მედვედევის საუბრის დეტალებიც“ განიხილებოდა.

ალასანიამ ასევე შეხვედრები გამართა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონთან და მის მოადგილესთან, თინა ქეიდინაუსთან.

შეხვედრების მთავარი თემა იყო საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ღონისძიებები.

“აღინიშნა, რომ საქართველო უნდა  მომზადდეს მშვიდობიანი, დემოკარტიული, პოლიტიკური ტრანზიციისთვის, რისი მთავარი საფუძველი უნდა გახდეს პოლიტიკური ძალებისთვის სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბება და მოქალაქეებისთვის თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის მიცემა,“– იტყობინება "თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახური.

საარჩევნო თემაზე, ამავე ცნობით, ირაკლი ალასანია აშშ–ის რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტს ლორენ კრენერსა და ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ხელმძღვანელს კენ ვოლკერსაც ესაუბრა.

ალასანია საქართველოში მომავალი კვირის ბოლოს დაბრუნდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)