აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი, 1-5 ივლისს დაგეგმილი აღმოსავლეთ ევროპული ტურნეს ფარგლებში საქართველოს ესტუმრება, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა 25 ივნისს.
თბილისში ჩამოსვლამდე, ის 1 ივლისს კიევში ჩავა, საიდანაც პოლონეთში გაემგზავრება, ხოლო შემდეგ ბაქოსა და ერევანს ესტუმრება.
ბაქოში, ერევანსა და თბილისში კლინტონი ”შეხვდება მთავრობის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს,” ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცადებაში.
”სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მხარდაჭერის კონკრეტული გამოხატულება,” – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ ქროულიმ 25 ივნისს.
”საქართველო ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირეა, განსაკუთრებით კი ავღანეთის კონტექსტში. ავღანეთის მისიაში საქართველოს, მის მიერ გაგზავნილი სამხედროების რაოდენობით, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, თუ ზუსტად მახსოვს, ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს. ასე რომ, ეს ვიზიტი ამ საკითხზე დიალოგის გაგრძელების საშუალებას მოგვცემს. ჩვენ ასევე ყურადღებით ვრჩებით იმ პრობლემისადმი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება,” დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)