საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური 5 ივლისს ევრაზიის ენერგეტიკულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს რიჩარდ მორნინგსტარს შეხვდა.
მორნინგსტარი თბილისს 5 ივლისს სტუმრობდა აშშ-ის დელეგაციასთან ერთად, რომელსაც სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი, ხელმძღვანელობდა.
ალექსანდრე ხეთაგურმა Civil-ge-ს განუცხადა, რომ შეხვედრაზე განიხილეს ენერგეტიკის დარგში რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის საქართველოს გავლით აზერბაიჯანული ბუნებრივი და თხევადი აირის ტრანსპორტირების საკითხები.
ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, შეხვედრაზე მაგისტრალური გაზსადენის საკითხი არ განხილულა.
გასულ კვირას პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ „კატეგორიულად“ არ ეთანხმება გაზსადენის საკონტროლო პაკეტის გაყიდვას, თუმცა იქვე დასძინა, რომ გაზსადენის აქციების 5-10%–ის გაყიდვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე რამოდენიმე წელიწადში არ გამოირიცხება.
გაზსადენის შესაძლო გაყიდვის შესახებ მსჯელობა გასულ კვირას მას შემდეგ განახლდა, რაც ცნობილი გახდა პარლამენტში მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც მილსადენების ამოღებას ითვალისწინებს იმ ქონებათა ნუსხიდან, რომელთა გაყიდვასაც კანონი უკრძალავს ხელისუფლებას. ამდენად, შესაძლოა პრივატიზებას დაექვემდებაროს რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი მაგისტრალური გაზსადენის საქართველოს მონაკვეთი, რომელსაც აშშ–ის მთავრობის დახმარებით ჩაუტარდა რეაბილიტაცია.
გაზსადენის გაყიდვის თემა 2005–2006 წლებში ასევე აქტიურად განიხილებოდა საქართველოს ხელისუფლებაში. მაშინ გაზსადენის შეძენაზე დაინტერესება ღიად გამოთქვა რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ „გაზპრომმა“, რომლის მფლობელობაშია ამჟამად სომხეთში არსებული გაზსადენი. თუმცა, გაზსადენის გაყიდვის თემა მას შემდეგ მოიხსნა დღის წესრიგიდან, რაც აშშ–მ თბილისს ამ საკითხში სიფრთხილისაკენ მოუწოდა და უფრო მეტიც, ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში გააფორმა ხელშეკრულება მასთან გაზსადენის რეაბილიტაციის თაობაზე იმ პირობით, რომ მისი საკონტროლო პაკეტი არ გაიყიდებოდა ამ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე – 2011 წლის აპრილამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართულ მხარეს უნდა აენაზღაურებინა გაზსადენის შეკეთებაზე დახარჯული თანხები.
ფონდ "ათასწლეულის გამოწვევა – საქართველოს“ ინფორმაციით, გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტი 2010 წლის თებერვალში დასრულდა. 221 კმ–იანი მილსადენის 22 უბნის რეაბილიტაციაზე აშშ–მ 35 მლნ აშშ დოლარი დახარჯა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)