პარლამენტმა 6 ივლისს პირველი მოსმენით მიიღო სახელმწიფო ქონების შესახებ კანონპროექტი, რომელიც მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვაზე აკრძალვის მოხსნას ითვალისწინებს.
კანონპროექტის, რომელიც პრივატიზაციის საკითხებზე მოქმედი ოთხი კანონის კონსოლიდირებას ახდენს, ინიციატორები არიან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი და მისი მოადგილე ლაშა თორდია.
სხვა საკითხებთან ერთად კანონპროექტი ითვალისწინებს მაგისტრალური მილსადენის იმ ობიქტების სიიდან ამოღებას, რომელთა პრივატიზაცია იკრძალება. ამ გაზსადენით რუსეთიდან სომხეთში საქართველოს გავლით გაზის ტრანსპორტირება ხდება.
ინიციატივამ, რომელსაც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან, 6 ივლისის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დებატები გამოიწვია.
პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა განუცხადა დეპუტატებს 2 ივლისს, რომ მთავრობა გაზსადენის საკონტროლო პაკეტის გაყიდვას არ აპირებს.
თუმცა, მან ასევე დასძინა, რომ რამოდენიმე წელიწადში ხელისუფლებამ გაზსადენის აქციების დაახლოებით 10% შესაძლოა ლონდონის ბირჟაზე განათავსოს. მისი თქმით, ეს არ მოხდება არც წელს და არც მომავალ წელს.
გილაურმა ასევე განაცხადა, რომ "კატეგორიულად“ არ ეთანხმება გაზსადენის საკონტროლო პაკეტის გაყიდვას.
დეპუტატებმა საპარლამენტო უმცირესობიდან განაცხადეს, რომ მხოლოდ პრემიერ–მინისტრის სიტყვიერი დაპირება, რომ სახელმწიფო საკონტროლო პაკეტს არ გაყიდის, საკმარისი არ არის. ამიტომ მათ მმართველ პარტიას კანონპროექტში შესთავაზეს იმ დებულების შეტანა, რომელიც აქციების არა უმეტეს 49%–ის გაყიდვის საშუალებას უზრუნველყოფს.
"რუსეთი ამ მილსადენში უფრო მეტადაა დაინტერესებული, ვიდრე აფხაზეთით და სამხრეთ ოსეთით… რუსეთს სურს, რომ თავისი მილსადენის ინფრასტრუქტურა ირანს დაუკავშიროს და ის ამას შეძლებს, თუ საქართველოს მილსადენსაც გააკონტროლებს… ეს კი საფრთხეს შეუქმნის აღმოსავლეთ–დასავლეთ გაზსადენს,“ – განაცხადა ვიცე–სპიკერმა და ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის წევრმა ლევან ვეფხვაძემ.
თუმცა, მმართველი პარტიის დეპუტატებმა კანონპროექტში ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული დებულების შეტანაზე უარი განაცხადეს. მათ აღნიშნეს, რომ ეს წმინდა ეკონომიკური ინიციატივაა და მოუწოდეს ოპოზიციურ დეპუტატებს საკითხის პოლიტიზირებისგან თავი შეეკავებინათ. მათი თქმით, ეს ნაბიჯი ხელისუფლების ლიბერალური, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პოლიტიკის გამოხატულების ნაწილი იყო.
"მთავარი პრინციპი არის რომ კერძო სექტორს უკეთ შეუძლია ამგვარი ობიექტების მართვა, ვიდრე სახელმწიფოს,“ – განაცხადა დეპუტატმა ლაშა თორდიამ. "და არავინ აპირებს ამ გაზსადენის რუსეთისთვის მიყიდვას… და კანონპროექტში არსად წერია, რომ რუსეთი შეიძენს მილსადენს“.
პარლამენტის ვიცე–სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა კი განაცხადა: "ჩვენ არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს ინტერესის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ჩვენს მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ეკონომიკის გაძლიერებას. ჩვენ არ გვინდა დახურული ეკონომიკური სისტემა, რომელსაც სახელმწიფო მართავს.”
"ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეკონომიკაში ახალი ინოვაციური გზები არ ვეძებოთ. სიახლეების არ უნდა გვეშინოდეს,“ – დასძინა მაჭავარიანმა.
კიდევ ერთმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან, დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში საკმარისზე მეტი ბერკეტია იმ სიტუაციისგან თავის დასაცავად, თუ, მაგალითად, ინვესტორი ეკონომიკის ნებისმიერ სფეროში საფრთხეს შეუქმნის ქვეყანას. "რამდენად ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, ფულს სუნი არ აქვს,“ – განაცხადა მან.
ქრისტიან–დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ მაგისტრალური გაზსადენი არ არის მხოლოდ ეკნომიკური საკითხი.
"მსოფლიოში ყველა თანხმდება, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც თავის ენერგეტიკულ ბერკეტებს პოლიტიკური მიზნით იყენებს,“ – განაცხადა თარგამაძემ.
დეპუტატებს მმართველი პარტიიდან რამდენიმეჯერ მოუხდათ იმის გამეორება, რომ ხელისუფლება არ აპირებდა მილსადენის რუსეთისთვის მიყიდვას.
მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზაციის თემა დროდადრო დგებოდა დღის წესრიგში 2005–2006 წლებში, როდესაც რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ "გაზპრომმა“ რამდენჯერმე ღიად გამოთქვა მისი შეძენის სურვილი. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2005 წლის თებერვალში განაცხადა, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები "გაზპრომთან“ მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზაციის თაობაზე. ამ განცხადების შემდეგ, აშშ-მ მოუწოდა საქართველოს სიფრთხილე გამოეჩინა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, რათა არ გაზრდილიყო თბილისის ენერგოდამოკიდებულება მოსკოვზე.
ეს თემა დღის წესრიგიდან მას შემდეგ მოიხსნა, რაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის "ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ (MCC) ფარგლებში გაფორმდა შეთანხმება, რომელიც სხვა პროექტებთან ერთად, რომელთა საერთო ღირებულება 295.3 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას მოიცავდა, ჩრდილოეთ–სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციას იმ პირობით ითვალისწინებდა, რომ საქართველო არ გაასხვისებდა ამ ობიექტს.
"მთავრობამ არ უნდა გაყიდოს ან გადასცეს, ან ნებართვა გასცეს გაყიდვაზე ან გადაცემაზე, გაზსადენის და/ან საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის (ან მისი შვილობილი კომპანიების) აქციების საკონტროლო პაკეტი და ასევე არ უნდა გასცეს გირაოს უფლება გაზსადენზე ამ შეთანხმების ვადის ამოწურვამდე, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა თუ „ათასწლეულის განვითარების ფონდი“ წერილობითი ფორმით არ განაცხადებს თანხმობას“, – ნათქვამია შეთანხმებაში.
შეთანხმების თანახმად, ამ მუხლის დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობამ უნდა აუნაზღაუროს MCC-ის ის თანხა, რაც გაზსადენის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა, რის შემდეგაც MCC შეწყვეტს გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტს და ასევე დაიტოვებს უფლებას შეაჩეროს შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა პროექტებიც, რომელთა განხორციელებაც 2011 წელს დასრულდება
ფონდ "ათასწლეულის გამოწვევა – საქართველოს“ ინფორმაციით, 2010 წლის თებერვალში დასრულდა გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც 221 კმ–იანი მილსადენის 22 უბნის რეაბილიტაციაზე 35 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)