Site icon Civil.ge

სააკაშვილი ბათუმში ილჰამ ალიევს შეხვდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 18 ივლისს ბათუმში ჩავიდა და პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა.

საქართველოს და აზერბაიჯანს „დროით გამოცდილი მეგობრობა“ აკავშირებთ, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„საქართველოს არასდროს დაავიწყდება, რომ როდესაც ჩვენ აგვიფექთეს გაზსადენები და ელექტროსადენები ყველაზე ცივ დღეებში ზამთრის, აზერბაიჯანის მოსახლეობის ნახევარი იქნა გათიშული, რათა საქართველო არ გაყინულიყო და გაეგრძელებინა არსებობა,“ – განაცხადა სააკაშვილმა. „ჩვენ არ დაგვავიწყდება, რომ საქართველოსთვის ყველა გადამწყვეტ მომენტში აზერბაიჯანი ყველაზე უფრო სტრატეგიულ, მნიშვნელოვან, სასიცოცხლო საკითხებში ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დგებოდა საქართველოს გვერდით. ეს არის არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის ნამდვილი ძმობა“.

„რამდენიმე წლის წინ მე ვსაუბრობდი, რომ კონფედერაციული ურთიერთობა უნდა ჩამოვაყალიბოთ; რეალურად, ქვეყნებს შორის არის ისეთი ურთიერთობები, რომელიც აღემატება ჩვეულებრივ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს; ჩვენ ვართ ერთმანეთის გაგრძელება… ჩვენ ვართ ერთი ორგანიზმის ნაწილები და ამიტომ აზერბაიჯანისთვის მტკივნეული საკითხი არის მტკივნეული საქართველოსთვის და ყველა საქართველოსთვის მტკივნეულ საკითხზე აზერბაიჯანი აკეთებდა შესაბამის რეაგირებას,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

„ეს არის ურთიერთობები, რომელშიც არა მხოლოდ პრობლემები არ არის, ეს არის ურთიერთობები, რომელზე უკეთესის წარმოდგენაც პრაქტიკულად შეუძლებელია,“ – დასძინა მან.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან განიხილა „ძალიან მნიშვნელოვანი“ რკინიზგის მშენებლობის „დაჩქარების“ საკითხი, რომელიც აზერბაიჯანს თურქეთს დაუკავშირებს საქართველოს გავლით.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მათ ასევე განიხილეს ორმხრივი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი, რომელიც ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის შემდგომ განვითარებაზე იმუშავებს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იმიტომ, რომ მკვეთრად იზრდება ტვირთების ბრუნვა ევროპის მიმართულებით ჩინეთიდან და შუა აზიიდან, მაგრამ რა თქმა უნდა, კონკურენცია ამ ტვირთებზე იზრდება, და ჩვენ უნდა გვქონდეს ზუსტი კოორდინაცია [აზერბაიჯანთან],“ – განაცხადა სააკაშვილმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)