Site icon Civil.ge

სააკაშვილი ზოგიერთი სახელმწიფო სტრუქტურის „არაპროფესიონალიზმზე“ საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განუცხადა მთავრობის წევრებს 20 ივლისს, რომ „მთელი რიგი უწყებების არაპროფესიონალიზმი“ და „ბიუროკრატიზმი“ კვლავ „მთავარ პრობლემად“ რჩება და მთავრობას „ძალიან აქტიური“ მუშაობისკენ მოუწოდა.

ყვარელში გამართულ მთავრობის სხდომაზე საუბრისას, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცა, სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ კიდევ ერთ პრობლემად რჩება სხვადასხვა სამინისტროებში „გადაწყვეტილების მიღების შიში და გადაწყვეტილების მიღების გადავადება და თავიდან მოშორება“.
 
„ამას უნდა მოვუღოთ ბოლო,“ – განაცხადა მან და შემდეგ ერთი ინვესტორის მაგალითი მოიყვანა, რომელმაც, მისი თქმით, თებერვლის დასაწყისში ეკონომიკის სამინისტროს ფოთში მიწის ნაკვეთის შესყიდვის თხოვნით მიმართა.

სააკაშვილის თქმით, ინვესტორმა პასუხი აპრილის ბოლოს მიიღო მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის მოადგილისგან, გრიგოლ გობეჯიშვილისგან, რომელიც ინვესტორს ურჩევდა ფოთის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის  გადაუმისამართა.

„ეს გრიგოლ გობეჯიშვილი ალბათ კარგ ბიჭად ითვლება თავის სამეგობროში… მაგრამ საქართველო მას არ უყვარს,” განაცხადა სააკაშვილმა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ”გაქსუებული, გათავხედებული, თავგასული მოხელე” უწოდა.

”აი, ვინ არის მთავარი პრობლემა საქართველოსი, არა უცხოური აგრესია, არამედ გრიგოლ გობეჯიშვილისთანა გაქსუებული  მოხელეებია დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა და მთავარი მიზეზი, რომ ჩვენი ხალხი კიდევ არის გაჭირვებაში და რომ არ შემოდის იმდენი ინვესტიციები რამდენიც უნდა იყოს“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, პრობლემები ასევე არსებობს გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ასევე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროებში.

„[სამინისტროებში] სხედან ხალხი, რომლებისთვისაც ყველაზე კარგი პოზა ცხოვრებაში არის არაფრის კეთება – ნაცრის ქექვა და მახათის გაყრა ერთ ადგილზე,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს გააჩნია პოტენციალი, რომ „თუ ეკონომიკის განვითარება გაგრძელდა, 7–8 და შეიძლება მეტი” პროცენტითაც გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკა მომავალ წელს. 

„[პოტენციალი რომ] მერე გადავიდეთ იმ მაჩვენებლებზე, რომელიც გვაქცევს ევროპულ სინგაპურად – ის რასაც ჩვენ ვპირდებით ჩვენ ხალხს, რომ ჩვენ ლიბერალური ეკონომიკური მოდელის პირობებში  მოვიზიდოთ ინვესტიციები და საქართველო ვაქციოთ სერიოზულ ექსპორტიორად,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)