Site icon Civil.ge

პრეზიდენტის პრეს–სამსახური განმარტება სააკაშვილის „ჩვენ ზანგები ვართ?“ გამოთქმაზე

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება, რომლის დროსაც მან გამოიყენა გამოთქმა „ჩვენ ზანგები ვართ?“, არ ყოფილა გამოყენებული რასობრივი დისკრიმინაციის კონტექსტში, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრეს–სამსახურმა 28 ივლისს.

27 ივლისს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქართველ მებაჟეებს უსაყვედურა, რომელთაც თურქეთ–საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ესპანელი ტურისტების ჯგუფი გაჩხრიკეს. სააკაშვილმა შეხვედრაზე მყოფ ფინანსთა სამინისტროს ერთ–ერთ წარმომადგენელს და პრემიერ მინისტრ ნიკა გილაურს ჰკითხა გაუჩხრეკიათ თუ არა ისინი ევროკავშირის რომელიმე სახელმწიფოში შესვლისას და მათგან უარყოფითი პასუხების მიღების შემდეგ განაცხადა: ”და მაშინ ჩვენ ზანგები ვართ? ჩვენ რატომ ვიქცევით ველურებივით ამიხსენით?”

„საქართველოს პრეზიდენტის წარმოთქმულ სიტყვებს არავითარი კავშირი არა აქვს რომელიმე რასასთან და იგი არ ყოფილა გამოყენებული რასობრივი დისკრიმინაციის კონტექსტში,“ – ნათქვამია პრეზიდენტის პრეს–სამსახურის განცხადებაში.

„საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური წუხს, რომ მიხეილ სააკაშვილის წარმოთქმულ ქართულ გამონათქვამს, რომელიც, როგორც წესი, არ გამოიყენება და არც ამ შემთხვევაში ყოფილა გამოყენებული რასობრივ კონტექსტში, ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მიერ შეგნებულად მიეცა არასწორი ინტერპრეტაცია და რასობრივი კონოტაცია,“ – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)