საქართველო, რომელმაც ვერ შეძლო ძალის გამოყენებით აღედგინა კონტროლი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, ახლა აქცენტს თავდაცვით ზომებზე აკეთებს, განაცხადა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული შტაბის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-პოლკოვნიკმა, ანატოლი ნოგოვიცინმა.
ნოგოვიცინი, რომელიც ორი წლის წინ რუსეთ–საქართველოს ომის დროს რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაურის მოადგილე იყო, ამჟამად ცხინვალში იმყოფება, სადაც სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ცხინვალში 4 აგვისტოს გამართულ მრგვალ მაგიდაზე საუბრისას ნოგოვიცინმა განაცხადა, როგორც ამის თაობაზე სეპარატისტული მთავრობის ვებგვერდი იუწყება: „2008 წლის აგვისტოში დამარცხების შემდეგ საქართველოს ხელმძღვანელობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებულ ვითარებაში შეუძლებელია ძალისმიერი ოპერაციის განხორციელება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენის მიზნით“.
„საქართველოს ხელმძღვანელობა თადარიგს იჭერს თავდაცვითი ქმედებების განხორციელებისთვის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულებით. ძირითადი აქცენტი თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოზეა კონცენტრირებული,“ – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)