ჰააგაში არსებული გაეროს საერთაშორისო სასამართლო (International Court of Justice – ICJ) სექტემბერში ოთხ საჯარო მოსმენას გამართავს იმ სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ორი წლის წინ შეიტანა, ნათქვამია ჰააგის სასამართლოს მიერ 5 აგვისტოს გავცელებულ განცხადებაში.
საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა. საქართველოს მტკიცებით რუსეთმა დაარღვია რასობრივი დისკრიმინიციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CERD) 1965 წლის საერთაშორისო კონვენციით აღებული ვალდებულებები. სარჩელში აღნიშნულია, რომ რუსეთმა ეს კონვენცია 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე პერიოდში სამ სხვადასხვა დროს დაარღვია, როდესაც მან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ინტერვენციები განახორციელა.
ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ აღნიშნა განცხადებაში, რომ ოთხივე მოსმენა, რომელიც 13 სექტემბრიდან 17 სექტემბრამდე გაიმართება, ”შეეხება მხოლოდ” იმ საკითხს, რომელიც რუსეთმა სასამართლოს წინაშე 2009 წლის დეკემბერში დასვა და რომლის მიხედვითაც აღნიშნული საქმის განხილვა საერთოდ არ შედის გაეროს საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში და შესაბამისად, ამ სარჩელის განხილვა სცდება მის კონპეტენციას.
საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლები საკუთარ არგუმენტებს ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს წინაშე რიგ-რიგობით წარმოადგენენ – 13 სექტემბერს რუსეთი, ხოლო შემდეგ თავის კონტრარგუმენტებს ქართული მხარე 14 სექტემბერს წარადგენს. 15 და 17 სექტემბერს იგივე პროცედურა განმეორდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)