Site icon Civil.ge

რვა პიროვნება „კავკასიაში“ მომხდარი ჩხუბის გამო სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აგვისტოს რვა ადამიანი ცნო დამნაშავედ ჯგუფურად ხულიგნობასა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში სამი თვის წინ ტელეკომპანია "კავკასიაში“ მომხდარი ჩხუბის გამო და მათ ოთხი წლით და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა.

რადიკალურ მართლმადიდებლურ ჯგუფებთან დაკავშირებული რვავე მსჯავრდებული ბრალეულად იქნა ცნობილი 7 მაისს ტელეკომპანია "კავკასიაში“ მომხდარ ჩხუბში, როცა სტუდიაში მოწვეული სტუმრები ცხარე დებატებში იყვნენ ჩართულნი დაპირისპირების იმ სერიის განხილვისას, რომლებსაც მაშინ ჰქონდა ადგილი რადიკალურ მართლმადიდებელ ჯგუფებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის.

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა, რომელთანაც მსჯავრდებულების ნაწილი კავშირშია, განაცხადა, რომ ეს რვა ადამიანი დასაჯეს რწმენის გამო და "კავკასია“ და მისი თანამშრომლები მათი მომხრეების წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რვა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედება "კანონსაწინააღმდეგო და დასჯადია“. "მას არაფერი აქვს საერთო რელიგიურ, პირად ან სხვა სახის შეხედულებებთან,“– ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)