რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დღეს სოჭში სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს შეხვდა.
კრემლის ოფიციალური ვებ–გვერდი მედვედევის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ბოლო ორმა წელიწადმა აჩვენა იმ გადაწყვეტილების აუცილებლობა, რომელიც რუსეთმა „სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მაცხოვრებელების დასაცავად და ორი სახელმწიფოს აღიარების თაობაზე მიიღო“.
“აქ ეჭვები არ არსებობს – რუსეთის კურსი არ იცვლება, ის სიმწრით მოპოვებულია,“– იტყობინება "იტარ–ტასსი“ მედვედევის სიტყვებზე დაყრდნობით.
ანალოგიური განცხადებები გააკეთა მან 8 აგვისტოს, აგვისტომ ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით სოხუმში მოკლე ვიზიტით სტუმრობისას.
კოკოითთან შეხვედრის დაწყებისას პრეზიდენტმა მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის აღიარებამ საშუალება მისცა ორ ხალხს განვითარებულიყო, „და არა განადგურებულიყო გენოციდის შედეგად“.
მოლაპარაკებებზე, რომელიც პირისპირ საუბრის შემდეგ გაფართოებული შემადგენლობით გაგრძელდა, მთავარი ყურადღება დაეთმო ცხინვალის რეგიონში ინფრასტრუქტურის აღდგენის საკითხებს, ასევე ორმხრივ ურთიერთობებსა და მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თემატიკას, იტყობინება კრემლი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)