საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო მწერლის და პუბლიცისტის ირაკლი კაკაბაძის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციამ მას 14 აგვისტოს ხანმოკლე დაკავების დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
სამინისტრო ასევე გამოესარჩლა პოლიციის გადაწყვეტილებას, რომ კაკაბაძე და კიდევ ორი პიროვნება ჯორჯ ბუშის ქუჩაზე მიმდინარე აქციის დროს დაეკავებინათ. აქციის მონაწილეები ქუჩისთვის სახელის გადარქმევას და მისთვის ამერიკელი პოეტის უოლტ უიტმენის სახელის მინიჭებას ითხოვდნენ. აქციის დროს სამოქალაქო აქტივისტებმა ჯორჯ ბუშის ქუჩის აღმნიშვნელ აბრას საღებავი წაუსვეს და უიტმენის და საკუთარი ლექსები წაიკითხეს.
სახალხო დამცველის აპარატი იტყობინებოდა 17 აგვისტოს კაკაბაძის ახსნა–განმარტების თანახმად, რომ დაკავების შემდეგ აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ რა დროსაც მათთან მივიდნენ თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი გიორგი გეგეჩკორი და მისი მოადგილე, რომლებმაც კაკაბაძეს „სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“. სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, როდესაც აპარატის წარმომადგენელმა კაკაბაძე წინასწარი დაკავების საკანში მოინახულა, მას აღენიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა მხრისა და მკლავის არეში.
შსს–ს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ კაკაბაძეს ”ხელზე ქონდა უმნიშვნელო დაზიანება,” რომელიც მაშინ მიიღო როდესაც პოლიციელმა მას დაკავების დროს ხელი ჩაჭიდა მკლავზე.
”არანაირი ძალადობა ან ფიზიკური შეურაცყოფა არ ყოფილა,” – განუცხადა უტიაშვილმა Civil.Ge-ს 18 აგვისტოს.
სასამართლომ კაკაბაძე და კიდევ ორი დაკავებული 400 ლარის ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების შემდეგ გაათავისუფლა. მათ ბრალი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებოდათ, რასაც აქციის მონაწილეები უარყოფდნენ. საპროტესტო აქციის და სამივე მონაწილის დაპატიმრების შესახებ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ დაკავებულები პოლიციის მანქანაში ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ჩასხდნენ. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, რომ ენახათ დაკავების ვიდეო კადრები.
უტიაშვილმა განაცხადა, რომ მართალია დაპატიმრების მომენტში მომიტინგეებს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, ისინი მანამდე არ დაემორჩილნენ პოლიციის ბრძანებას, რომელთაც მომიტინგეებს ,,უსაფრთხოების კუნძულიდან” ბორდიურზე გადასვლა მოსთხოვეს. უტიაშვილის თქმით, ამგვარი მოთხოვნა განაპირობა პოლიციის მცდელობამ არ დაეშვა დამატებითი წარწერების გაკეთება ქუჩის ბანერზე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), რომელიც სასამართლოში ორი დანარჩენი მონაწილის უფლებებს იცავდა, განაცხადა, რომ თავად დაკავების ფაქტი უკანონოა. საია–მ ასევე აღნიშნა, რომ მართალია აქციის სამმა მონაწილემ დააკმაყოფილა პოლიციის მოთხოვნა „უსაფრთხოების კუნძულის“ დატოვების თაობაზე, პოლიციელების ამგვარი მოთხოვნა "კანონიერად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან არ არსებობს და სამართლებრივ სახელმწიფოში არც შეიძლება არსებობდეს სამართლებრივი აქტი, რომელიც "უსაფრთხოების კუნძულზე” ლექსების წაკითხვას აკრძალავს".
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ აქციის მონაწილეთა ქმედება, რომელიც გამოიხატა ჯორჯ ბუშის ბანერის საღებავებით დაფარვაში, შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარევათა კოდექსის 150-ე მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს, რომელიც კრძალავს სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურ შესრულებას შენობა-ნაგებობათა ფასადებზე, ღობეებსა და სვეტებზე,“ – ნათქვამია საია–ს განცხადებაში, "თუმცა აღნიშნული მუხლი სანქციად ითვალისწინებს ჯარიმას 50 ლარის ოდენობით“.
This post is also available in: Русский (რუსული)