Site icon Civil.ge

ბაქრაძე რუსეთთან ურთიერთობების შესახებ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მოსკოვის და თბილისის ურთიერთობების "ნორმალიზაცია“ უნდა დაიწყოს "ერთობლივი მცდელობებით აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართულებებით“.

"ჩვენ მზად ვართ რუსეთთან საკითხები დიალოგის გზით მოვაგვაროთ, მაგრამ ეს არ იქნება მოლაპარაკებები სუფთა ფურცლიდან,“ – განაცხადა მან რუსულ გაზეთ „ვრემია ნოვოსტეი“–სთან ინტერვიუში, რომელიც 23 აგვისტოს გამოქვეყნდა.

„რთულია ელაპარაკო იმ ქვეყანას, რომელსაც ჩვენ ტერიტორიაზე საელჩოები აქვს სოხუმსა და ცხინვალში, რომელიც შეიარაღებულ ძალებს განათავსებს ჩვენი თანხმობის გარეშე და საქართველოს მეხუთედ ნაწილს აკონტროლებს. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მოლაპარაკებები ამ სამხედროების გაყვანის საკითხის განხილვით, კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივით. ნებისმიერი მცდელობა გვერდი ავუაროთ ამ თემებს, შეუძლებელია,“ – განაცხადა ბაქრაძემ.

"შეუძლებელია ურთიერთობების ნორმალიზება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართულებებით ერთობლივი მცდელობების გარეშე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკური დარეგულირების ან რუსული ძალების გაყვანის თაობაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ [რეგიონიდან] რუსეთის გაძევებას ვგულისხმობთ. ეს უნდა იყოს ღირსეული პროცესი ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით. ამგვარი კომპრომისი აბსოლუტურად შესაძლებელია რუსეთის მხრიდან ელემენტარული კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში. შემდეგ შეიძლება განვიხილოთ საზღვრების გახსნის, საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხები – ყველაფერი, რაც რიგითი მოქალაქეებისთვის სასიკეთო იქნება, თუმცა ეს არ არის მთავარი ჩვენ ურთიერთობებში,“ – განაცხადა მან.  

მისი თქმით, რუსეთმა განცხადება იმის თაობაზე, რომ მის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება შეუქცევადი იყო, "ემოციურ“ ფონზე გააკეთა.

"მოსკოვში დარწმუნდნენ, რომ ამ აღიარებამ მათ ვერაფერი მოუტანა, თუმცა ამის აღიარება რთულია. რამოდენიმე წელი უნდა გავიდეს, რომ ეს ემოციები მინელდეს,“ – განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ რუსეთი ბევრად უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ საქართველოსთან თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული ურთიერთობები ექნება.

"მაგალითად, ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს ჩრდილოეთ კავკასიის სტაბილიზაციაში,“ – განაცხადა მან, "საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში არ შედის სიტუაციის დესტაბილიზაცია ჩრდილოეთ კავკასიაში. ამაში ჩვენ მოსკოვთან ობიექტურად მსგავსი ინტერესები გვაქვს. მოდით ვითანამშრომლოთ, ოღონდ მხოლოდ თანასწორობის და პარტნიორობის საფუძველზე“.

 

This post is also available in: Русский (რუსული)