პრეზიდენტი სააკაშვილი აშშ–ში 20 სექტემბერს გაემგზავრება გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 23 სექტემბერს გამოვა.
ასევე დაგეგმილია მისი გამოსვლა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში. სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური მდივნის და ასევე აშშ–ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას სახელით დაგეგმილ სპეციალურ მიღებებში.
ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე სააკაშვილის ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან ევროპის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებიდან.
იმავდროულად, პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის აშშ–ში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ, რომელიც 14 სექტემბრიდან დაიწყება. ვიზიტის ფარგლებში ბაქრაძე მონაწილეობას მიიღებს ვაშინგტონში, დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფორუმში, შეხვედრებს გამართავს კონგრესის წარმომადგენლებთან; 19 სექტემბრიდან კი გაემგზავრება ნიუ–იორკში, სადაც გაეროს ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
This post is also available in: Русский (რუსული)