დაბალი ტარიფების მქონე ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair "ძალიან დაინტერესებულია“ მომავალი ზაფხულიდან საქართველოში ფრენების დაწყებით, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვერა ქობალიამ 30 აგვისტოს.
ქობალია, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ირლანდიას 26–28 აგვისტოს სტუმრობდა და შეხვედრები გამართა Ryanair–ის ხელმძღვანელობასთან. მინისტრის თქმით, კომპანიის წინაპირობაა, რომ საქართველომ შესაბამისად მოამზადოს ქუთაისის აეროპორტი და ასევე ხელი მოაწეროს ერთიანი საჰაერო სივრცის ხელშეკრულებას. მისი თქმით, ამ პირობების დაკმაყოფილება გზას გაუხსნის ირლანდიური ავიაკომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლას.
თუმცა, ქობალიამ ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირთან შესაბამისი საჰაერო შეთანხმების გასაფორმებლად, საქართველოს ესაჭიროება "ლიბერალური უსაფრთხოების“ სტანდარტების ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა.
ქობალია ამის შესახებ საუბრობდა პრეზიდენტ სააკაშვილთან ბათუმში გამართულ შეხვედრაზე, სადაც საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები განიხილებოდა სხვა ჩინოსნების თანდასწრებით.
სააკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა რომ ქვეყანა ზოგადად ლიბერალური ეკონომიკის კურსს ადგას, "ტექნიკური ლიბერალიზაცია არის სრულიად დაუშვებელი და დიდი შეცდომა იქნა დაშვებული ამ მიმართულებით გასულ წლებში“.
მისი თქმით, მთავრობამ პარლამენტს დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს საკანონმდებლო ცვლილებები, "რომელიც გაამკაცრებს საავიაციო უსაფრთხოების ყველა ნორმას“.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის საავიაციო ხელშეკრულების ტექსტზე მუშაობა 2010 წლის მარტში დასრულდა, თუმცა მისი ხელმოწერა ჯერ არ შემდგარა. ხელშეკრულების თანახმად, საქართველომ უნდა მოახდინოს შესაბამისი კანონმდებლობის ევროპულთან ჰორმონიზაცია, ასევე გაატაროს ევროკავშირის საავიაციო წესები ისეთ საკითხებში, როგორიცაა: უსაფრთხოება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა, საჰაერო ნავიგაცია და კონკურენცია.
ევროკავშირის მონაცემებით, მგზავრთა გადაყვანის მოცულობა საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საშუალოდ, წლიურად 10%-ით იზრდებოდა; ხოლო ტვირთების საჰაერო გადაზიდვა ბოლო ხუთ წელიწადში, საშუალოდ, წლიურად 26%-ით.
This post is also available in: Русский (რუსული)