პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების თაობაზე "პატარა დიპლომატიური გამარჯვებაა“ და "საბოლოო გამარჯვება იქნება, როცა ოკუპანტები დატოვებენ ჩვენ ტერიტორიას და ჩვენი ხალხი დაიბრუნებს თავის სახლებს და თავის სამშობლოს ბოლომდე“.
“ეს იქნება საბოლოო გამარჯვება, მაგრამ ამ გამარჯვებამდე ჩვენ ბევრი პატარა დიპლომატიური ბრძოლა გვაქვს კიდევ გასამართი იმ რესურსებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია,“– განაცხადა მან.
7 სექტემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 50 ხმით 17–ის წინააღმდეგ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია, რომელიც აღიარებს ყველა დევნილისა და ლტოლვილის უფლებას დაბრუნდნენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. კენჭისყრისას 86–მა ქვეყანამ თავი შეიკავა. თუმცა ამ რეზოლუციას იმაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავდა, ვიდრე 2008 და 2009 წლებში მიღებულ ანალოგიურ რეზოლუციებს, რომლებსაც არასავალდებულო ხასიათი აქვთ.
„დიპლომატიური ბრძოლა გამართა რუსეთმა იმ დონეზე, რომ – ახლა მე არავისთან არ დამირეკია და – პუტინმა მედვედევს ორ–ორჯერ დაარეკინა რამოდენიმე სახელმწიფოს ლიდერთან მარტო მეც რაც ვიცი და კიდევ ალბათ ბევრი არ ვიცი; მიდიოდა ხელების ამოგრეხვა, მიდიოდა პირდაპირი შანტაჟი სხვადასხვა ქვეყნების, მოსყიდვის მცდელობა იყო, ალბათ ვიღაცეები მოისყიდეს კიდევაც – მე არ ვიცი, ამაზე თავს ვერ დავდებ – სხვადასხვა მექანიზმებით, მაგრამ ამჯერად რუსეთს მხარი არ დაუჭირა, რაზეც ძალიან მეთანაღრებოდა გული შარშანდელ წელთან და წინა წლებთან შედარებით, ინდოეთმა, რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი ქვეყანა დაკარგა მხარდამჭერებს შორის და საქართველომ შეიძინა რამდენიმე ახალი მხარდამჭერი,“– განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 8 სექტემბერს ტყავის გადამამუშავებელ საწარმოში სტუმრობისას.
“რეალურად ეს არის სიკეთის და ბოროტების ბრძოლა,“– განაგრძო მან, „დააკვირდით რას ეწინააღმდეგება რუსეთი – რეზოლუციას, რომელიც ამბობს, რომ ადამიანების უნდა დაბრუნდნენ იმ სახლებში, სადაც დაიბადნენ; დაიბრუნონ ის ქონება, სადაც გაიზარდნენ – ის სახლები, ის საკარმიდამოები, ის ბაღები, თავის შვილები გაუშვან იმ სკოლებში, სადაც თვითონ დადიოდნენ – ერთი სიტყვით, აღიდგინონ თავის უმთავრესი უფლება საკუთარი წარმოშობის ადგილზე, საკუთარ სამშობლოზე, საკუთარ სოფელზე, საკუთარ სახლზე, საკუთარ ქალაქზე, საკუთარ ტერიტორიაზე; ამაზე არის რუსეთი, რაზეც წევს სამკვდრო–სასიცოცხლო წინააღმდეგობას და ე.ი. არის მთლიანად ბოროტების მხარეს“.
“გადახედეთ სიას იმ ქვეყნებისა, რომელიც მას უჭერს ამაში მხარს და სრულიად ნათელი ხდება ყველაფერი,“– განაცხადა სააკაშვილმა, "მაგრამ ბედნიერება ის არის, რომ სიკეთემ პატარა, მაგრამ გამარჯვება მოიპოვა იმ გაგებით, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნების მხარს უჭერდა საქართველოს და ჩვენ ეს ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ".
“გვაქვს ამ ბოროტებასთან საქმე… საქართველოს მხარეს არის სიკეთე და სიკეთის მოკვლას ცდილობს და განადგურებას, ამ შემთხვევაში, რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელობა,“– აღნიშნა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)