რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 სექტემბერს განაცხადა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც აღიარებს ყველა დევნილისა და ლტოლვილის უფლებას დაბრუნდნენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, "კონტრპროდუქტიული“ და "ტენდენციურია“ და ის არ დაეხმარება რეგიონში ნდობის აღდგენის პროცესს.
რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ რეზოლუციას "მხოლოდ რეგიონში ვითარების გართულება შეიძლება მოჰყვეს და შეიძლება დარტყმა მიაყენოს ჟენევის დისკუსიებს, რომელიც ისედაც არ მიმდინარეობს ადვილად“.
განცხადებაში გაკრიტიკებულია რეზოლუცია იმის გამოც, რომ მასში არ არის გათვალისწინებული ადგილზე არსებული რეალური ვითარება და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მოხსენიებულია, როგორც საქართველოს ნაწილები.
“იმ ფონზე, როცა საქართველოს დაჟინებით არ სურს წავიდეს სამხრეთ ოსურ და აფხაზურ მხარეებთან ძალის არ გამოყენების შესახებ იურიდიულად დამავალდებულებელ შეთანხმებებზე 2008 წლის აგვისტოს მედვედევი–სარკოზის ცნობილი შეთანხმებების განსავითარებლად, წმინდა დემაგოგიურად გამოიყურება მოწოდება ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილის მიმართ "გაააქტიურონ მცდელობები მდგრადი მშვიდობის დასამყარებლად, მოილაპარაკონ ნდობის განმტკიცების უფრო ეფექტურ ზომებზე,“– განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.
This post is also available in: Русский (რუსული)