Site icon Civil.ge

მერაბიშვილი უახლოეს მომავალში რუსეთის ღია აგრესიას გამორიცხავს

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ "უახლოეს მომავალში“ რუსეთის ღია აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ  გამორიცხავს. 

„მე, პრაქტიკულად, გამოვრიცხავ უახლოეს მომავალში რაიმე საფრთხეს საქართველოს წინააღმდეგ ღია აგრესიის, რაც არ უნდა განცხადება გააკეთონ საეჭვო რეპუტაციის რომელიღაც ექსტრასენსმა თუ სხვა ტიპის, ასე ვთქვათ, არასერიოზულმა და ქარაფშუტა ადამიანებმა,“– განუცხადა მან ჟურნალისტებს 9 სექტემბერს მას შემდეგ, რაც თბილისში მიმდინარე ამბასადორიალში მიიღო მონაწილეობა. 

შს მინისტრს მხედველობაში ჰქონდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება იმის თაობაზე, რომ თითქოს საქართველოში ჩრდილოეთ კავკასიაში გასაგზავნად მებრძოლთა საწვრთნელი ბანაკები ფუნქციონირებს.

“რუსეთი არასოდეს არ კარგავს დროს საქართველოს დისკრედიტაციის,  საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაციების მოწყობის. განსაკუთრებით ეს ამ ბოლო ეტაპზე უფრო ინფორმაციულ ხასიათს ატარებს იმისათვის, რომ საქართველოს იმიჯი, როგორც წყნარი, ცივილიზებული ქვეყნის იმიჯი გაანადგუროს,“– აღნიშნა შს მინისტრმა, "მაგრამ ტურისტების რაოდენობის ზრდა და სხვა მაჩვენებლები აჩვენებს, რომ მადლობა ღმერთს, დასავლეთს უფრო ნაკლებად სჯერა იმ პროვოკაციული განცხადებების, რომელსაც რუსეთი ახორციელებს“.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ახალგორის რაიონის ერთ–ერთ საგუშაგოზე რუსულმა ძალებმა საქართველოს სიღრმეში გადმოიწიეს.

“არცერთი კვადრატული მეტრი ისინი გადმოსულები აქ არ არიან, თუმცა იქ სადაც არიან, ისინი იქაც უკანონოდ არიან,“– განაცხადა მერაბიშვილმა. 

This post is also available in: Русский (რუსული)