Site icon Civil.ge

სოხუმმა ქართველი პატიმარი გაათავისუფლა

ევროკავშირის შუამავლობის შედეგად სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლებამ პატიმრობიდან გაათავისუფლა ქართველი ვეტერანი, რომელმაც აფხაზურ ციხეში 19 თვე გაატარა.

მალხაზ კორძაია სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს პიტერ სემნების გადასცეს სოხუმში და შემდეგ ევროპელმა დიპლომატებმა გადმოიყვანეს ადმინისტრაციული საზღვრის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

“ნებისმიერი ამ ტიპის ნაბიჯი მნიშვნელოვანია ნდობის ატმოსფეროს შესაქმნელად და აჩვენებს მხარეთა ნებას მოაგვარონ რთული საკითხები,“– იტყობინებოდა "როიტერი“ სემნების სიტყვებზე დაყრდნობით.

სოხუმმა განაცხადა, რომ მათ დააკმაყოფილეს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თხოვნა და გაათავისუფლეს კორძაია, რომელსაც "5–წლიანი პატიმრობა 2009 წელს მიესაჯა იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო შენახვის გამო მის საცხოვრებელ ადგილას სოფელ აჟარაში,” კოდორის ხეობაში.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 9 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მადლიერია ევროკავშირისა და მისი სპეციალური წარმომადგენლის იმ წვლილის გამო, რომელიც მათ შეიტანეს კორძაიას გათავისუფლების საქმეში.

“საქართველოს მთავრობა მზადაა კონსტრუქციულად  განიხილოს და გადაჭრას, ჰუმანიტარული ტიპის ყველა კონკრეტული საკითხი,“– ნათქვამია განცხადებაში.

2009 წლის თებერვალში კორძაიას დაპატიმრებისას ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აფხაზური მხარე მას 90–იანი წლების დასაწყისში, როდესაც ის აფხაზეთის კონფლიქტის დროს ქართულ ბატალიონს მეთაურობდა, "განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულებების“ ჩადენაში ადანაშაულებდა. მაშინ ასევე ვრცელდებოდა ცნობები აფხაზურ წყაროებში, რომ სოხუმი ასევე იძიებდნენ მის შესაძლო კავშირებს ომის დროს მი–8 ტიპის ვერტმფრენის ჩამოგდებასთან, რომელსაც სამოქალაქო პირები გადაჰყავდა. თუმცა, კორძაიას, საბოლოო ჯამში, პატიმრობა იარაღთან დაკავშირებული ბრალდებების გამო შეეფარდა.

This post is also available in: Русский (რუსული)