შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ანდრია ურუშაძე დაინიშნა, შეცვალა რა მან ალექსანდრე კვიტაშვილი ამ თანამდებობაზე.
კვიტაშვილმა მინისტრის პოსტი 31 აგვისტოს დატოვა და იმავე დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად იქნა არჩეული. კვიტაშვილმა გადადგომის მიზეზად სწორედ უნივერსიტეტის რექტორობის სურვილი დაასახელა.
ანდრია ურუშაძე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდა, მანამდე კი უწყებაში ექვსი წლის განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა, მათ შორის ხელმძღვანელობდა სოციალური სუბსიდიების სააგენტოს.
“სოციალურად დაუცველ პირთა ბაზა სწორედ მის ხელში იყო ჩამოყალიბებული და საკმაოდ კარგად გაართვა მან ამას თავი,“– განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გილაურმა ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას.
ურუშაძის განცხადებით, მისი საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები ჰოსპიტალური სექტორის განვითარება და სახელმწიფოს მიერ დაზღვეული მოქალაქეების უფლებების დაცვა იქნება.
This post is also available in: Русский (რუსული)