10 სექტემბერს საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, თბილისი წყნარი ოკეანის კუნძულოვან სახელმწიფო ტუვალუს ფინანსური დახმარების სახით 12 000 აშშ დოლარს გამოუყოფს.
განკარგულების ტექსტში ნათქვამია, რომ თანხის მიმღებია გაეროში ტუვალუს მუდმივი წარმომადგენლობა, რომელმაც ამავე ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წამომადგენლობას თხოვნით მიმართა დახმარებისთვის, რათა დაეფარა აშშ-დან ტუვალუში სამედიცინო ტვირთის გადაზიდვის ხარჯები.
ტუვალუ მსოფლიოში რიგით მეოთხე ყველაზე პატარა სახელმწიფოა, რომელიც პოლინეზიის რეგიონში რამოდენიმე კუნძულზეა განთავსებული, რომელთა საერთო ფართობი 26 კვადრატულ კილომეტრია და სადაც დაახლოებით 12 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
ტუვალუ იყო იმ 50 ქვეყანას შორის, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ ინიცირებულ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც აღიარებს ყველა დევნილისა და ლტოლვილის უფლებას დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
ტუვალუს ერთ–ერთი მეზობელია მსოფლიოში ყველაზე პატარა კუნძული–სახელმწიფო ნაურუ, რომელიც მეოთხე გაეროს წევრი ქვეყანაა რუსეთის, ნიკარაგუას და ვენესუელას შემდეგ, რომელმაც 2009 წლის დეკემბერში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა სცნო.
This post is also available in: Русский (რუსული)