საპარლამენტო უმცირესობამ მოუწოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, რომ განიხილოს მაუწყებლის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი ახალი საკონსტიტუციო მოდელის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიების "იგნორირებისა“ და ამ თემაზე თოქ–შოუსა თუ დებატების არ გამართვის გამო.
“ჩვენ ვამბობდით, რომ აგვისტო არ არის შესაფერისი დრო კონსტიტუციის განსახილველად. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შინაარსობრივად არ იცის რაზეა საუბარი… ეს იმიტომ, რომ პოლიტიკური დებატები, თოქ-შოუები არ მიმდინარეობდა ტელევიზიებში,“– განაცხადა პარლამენტის ვიცე–სპიკერმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან, ლევან ვეფხვაძემ, პარლამენტის პირველ სასესიო სხდომაზე 14 სექტემბერს.
ქართული ტელევიზიები, როგორც წესი, პოლიტიკურ თოქ–შოუებს აჩერებენ ზაფხულის პერიოდში, ძირითადად კი აგვისტოში.
ვეფხვაძის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს "ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა“ ეკისრება ამ კუთხით, რადგან მას კანონი ავალდებულებს არჩევნებს შორის პერიოდშიც „ყოველკვირეულად“ გაუშვას პოლიტიკური გადაცემები.
ვეფხვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაარღვია კანონის ეს მოთხოვნა და მისმა გენერალურმა დირექტორმა, გია ჭანტურიამ პასუხი უნდა აგოს.
2008 წლის ოქტომბერში პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, "საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია არჩევნებს შორის პერიოდში ყოველკვირეულად განათავსოს თავის ეთერში გადაცემები, რომელთა მიზანია პოლიტიკური დისკუსია ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებთან დაკავშირებით“.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა არ მიიღეს ოპონენტების კრიტიკა და განაცხადეს, რომ არავითარი კანონი არ დარღვეულა. მათ მიუთითეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე, რომელიც საეთერო დროს აძლევს ოპოზიციურ პარტიებს და გადასცემს მათი განცხადებებისა და პრესკონფერენციების დაუმონტაჟებელ მასალებს, მათ შორის პირდაპირი ეთერითაც.
მაუწყებლის პირველი არხისაგან განსხვავებით, მეორე არხი ვერ ფარავს საქართველოს მთელ ტერიტორიას და მისი მაუწყებლობა მხოლოდ თბილისითა და მისი შემოგარენით შემოიფარგლება.
“საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონი არ დაურღვევია, იმიტომ რომ მეორე არხი ზედმიწევნით ასრულებდა მოვალეობას,“– განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან, აკაკი მინაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, კანონი არ დარღვეულა, ვინაიდან ის არ ავალდებულებს საზოგადოებრივ მაუწყებელს "პოლიტიკური დებატების“ მოწყობას. მან ყურადღება გაამახვილა კანონის მუხლის იმ ფორმულირებაზე, რომელიც მაუწყებელს ავალდებულებს გაუშვას "გადაცემები, რომელთა მიზანია პოლიტიკური დისკუსია ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებთან დაკავშირებით“; ცისკარიშვილის თქმით, მეორე არხი ამგვარ შესაძლებლობას იძლეოდა.
ვიცე–სპიკერმა მმართველი პარტიიდან, მიხეილ მაჭავარიანმა ვეფხვაძის კრიტიკას შემდეგი შეკითხვა შეუბრუნა: "რამდენი გვერდი იყო [საკონსტიტუციო] ცვლილებები? მე მგონი 10; თუ ვინმეს უნდოდა წაიკითხავდა“.
ცოტა ხნის წინ ქრისტიან–დემოკრატების წევრმა თბილისის საკრებულოში და ყოფილმა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რომელიმე ტელვიზიის ხელმძღვანელობის სურვილი აქვს.
12 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, გასართობ თოქ–შოუში "ცხოვრება მშვენიერია"სტუმრობის დროს გრიგოლიამ განაცხადა: "მაგალითად ტელევიზიაში დავბრუნდებოდი ძალიან დიდი სიამოვნებით და ვიქნებოდი მაგარი ტელევიზიის ხელმძღვანელი, რატომაც არა? მთელი ჩემი ცხოვრება მინდოდა რაღაც ისეთი, რაც საკუთარი ტელევიზიის გაკეთების საშულებას მომცემდა და ამის საშუალება არ მომცემია", თუმცა მან იქვე დასძინა: "მაგრამ ვეჭვობ, რომ ძალიან დიდი ხანი მე ალბათ ვიქნები პოლიტიკოსის ამპლუაში".
This post is also available in: Русский (რუსული)