აზერბაიჯანის, საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტებმა და უნგრეთის პრემიერ–მინისტრმა 14 სექტემბერს ბაქოში ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების პროექტის შესახებ.
პროექტის თანახმად, რომელიც ცნობილია სახელწოდებით Azerbaijan, Georgia, Romania Interconnection (AGRI), აზერბაიჯანული გაზი გაზსადენის მეშვეობით მიეწოდება საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ყულევის ტერმინალს, სადაც მისი გათხევადება მოხდება; კონსტანცაში სტანსპორტირების შემდეგ გათხევადებული გაზს კვლავ ბუნებრივ აირად გარდაქმნიან, რის შემდეგაც არსებული გაზსადენებით მისი ევროპაში ექსპორტი მოხდება.
მაისში აზერბაიჯანის, საქართველოს და რუმინეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიები ბუქარესტში პროექტის განმახორციელებელი ერთობლივი საწარმოს შექმნაზე შეთანხმდნენ.
ბაქოს სამიტზე საქართველოს, აზერბაიჯანის და რუმინეთის პრეზიდენტები მიესალმნენ პროექტში უნგრეთის ჩართვას. პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს დამატებით ბიძგს მისცემს პროექტს, განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, რომ უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება 2011 წლის იანვრიდან.
პროექტის პირველი ეტაპი მისი ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთება იქნება, რასაც, სავარაუდოდ, ექვი თვე დასჭირდება, განაცხადა აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის SOCAR–ის ხელმძღვანელმა, ვაგიფ ალიევმა. ამის შემდგომ, მისი თქმით, დაიწყება მოლაპარაკებები პროექტის დაფინანსებისთვის ინვესტორების მოსაზიდად და მთელ ამ პროცესს, სავარაუდოდ, 20 თვე დასჭირდება.
This post is also available in: Русский (რუსული)