სამართალდამცავებმა კონტროლის პალატის დასკვნის საფუძველზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკოლოზ (კოკა) ფრუიძე დააკავეს, რომელსაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ქრთამის აღებას ედავებიან, თუმცა დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.
ნიკოლოზ ფრუიძე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ 2004 წლიდან მუშაობდა; ის თანამდებობიდან დაახლოებით, ერთი თვის წინ გაათავისუფლეს, ორი კვირით ადრე, ვიდრე ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი გადადგებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის მოტივით.
მთავარმა პროკურატურამ 16 სექტემბერს განაცხადა, რომ ყოფილმა მინისტრის მოადგილემ ვაქცინის შესყიდვის მიზნით გამართულ ტენდერში "უკანონოდ“ გაამარჯვებინა თანაკლასელს და ახლო მეგობარს კომპანია "ნ ფარმა+"-ის დირექტორს ბესარიონ გოცირიძეს, რომლის ადგილსამყოფელიც ამჟამად დგინდება. ეჭვმიტანილის სახით დაკავებულია კომპანიის დამფუძნებელი ზურაბ ნატროშვილი, რომლის აღიარებითაც, მან მფარველობის სანაცვლოდ კოკა ფრუიძისთვის გადასაცემად 25 ათასი აშშ დოლარი გადასცა გოცირიძეს.
პროკურატურის განცხადებით, მინისტრის ყოფილ მოადგილეს უახლოეს საათებში წაუყენებენ ბრალს, რომელიც შეკრებითობის მეთოდით, დაახლოებით, 10–წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კონტროლის პალატამ 15 სექტემბერს გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც საუბარი იყო ვაქცინაციის პროგრამის სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დარღვევებზე, რითაც ჯანდაცვის სამინისტროს სისტემის თანამშრომლებმა სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენეს ზარალი 1.788 მლნ ლარის ოდენობით. დასკვნის თანახმად, 2009 და 2010 წლებში ჩატარებულ ტენდერებში კომპანია "ნ ფარმი +"-ის გამარჯვებას, რომელმაც "იაფფასიანი, საჭირო მარაგზე ნაკლები და მოკლე ვადით ვარგისი" ვაქცინები პირველ შემთხვევაში, რეალურზე 700 ათასი ლარით მეტი, ხოლო 2010 წელს 605 ათასი ლარით მეტი ფასით შეიძინა, ხელი შეუწყვეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ და მისმა მოადგილემ.
კოკა ფრუიძე სამართალდამცავებმა 2009 წლის ტენდერში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით დააკავეს. თუმცა პროკურატურის განცხადებით, 2010 წელს სამინისტროში განხორციელებული სატენდერო შესყიდვების შესწავლა გრძელდება.
This post is also available in: Русский (რუსული)