პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირებულ შეთახმებაზე მოლაპარაკებას შეძლებს ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს ეკონომიკური თავისუფლების აქტის მიღებას, რაც შემოდგომაზე იგეგმება.
ეკონომიკური თავისუფლების აქტი სააკაშვილმა პირველად 2009 წლის ოქტომბერში წარადგინა, რომელიც ითვალისწინებს რეფერენდუმს გადასახადების ცვლილებებზე; ახალი მარეგულირებელი ორგანოების შექმნის აკრძალვას; ახალი ლიცენზიების და ნებართვების აკრძალვას; ხარჯების მშპ-სთან 30%–იან თანაფარდობას; ვალის მშპ-სთან თანაფარდობას 60%–ის ოდენობით; და საბიუჯეტო დეფიციტს მშპ-ის არაუმეტეს 3%–სა.
თუმცა, ინიციატივის რამოდენიმე დებულება არ შეესაბამება საქართველოს კურსს, რომ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიოს ევროკავშირთან.
საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა პერ ეკლუნდმა განაცხადა 2010 წლის თებერვალში, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ "თავისუფლების აქტის მოქმედებასთან ერთად, იგი შეძლებს ყველა საჭირო მარეგულირებელი რეფორმა განახორციელოს, რომლის ვალდებულებასაც ქვეყანა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებით იკისრებს“. მან ასევე განაცხადა, რომ ამ საკითხზე ევროკავშირმა პრეზიდენტ სააკაშვილსგან გარანტია მიიღო.
ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფულემ 2010 წლის მაისში განაცხადა, რომ საქართველოში არსებული ”ულტრა-ლიბერალურ ეკონომიკურ გარემოსთან” დაკავშირებული ზოგიერთი იდეა ევროკავშირი-საქართველოს მომავალი პარტნიორობის ძირითად პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოდის.
თავისუფლების აქტის ერთ–ერთი ელემენტი – რეფერენდუმი გადასახადების ცვლილებებზე – საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით 2009 წლის 25 დეკემბერს მიიღო; ეს ინივიატივა, რომელსაც მეორე და მესამე მოსმენით მიღება სჭირდება, ავალდებულებს მთავრობას რეფერენდუმი გამართოს იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტს გაზარდოს საშემოსავლო, მოგების, დამატებითი ღირებულების და საბაჟო გადასახადები ან თუ მთავრობა ახალი გადასახადის შემოღებას გადაწყვეტს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიესალმა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გადადოს გადასახადის რეფერენდუმის მეშვეობით გაზრდის შესახებ საკანონმდებლო შესწორების დამტკიცება. ფონდის თქმით, ამ ინიციატივის შესრულების გადადება ხელს შეუწყობს ეკონომიკური პოლიტიკის ”მოქნილობას, ვიდრე ფისკალური დეფიციტის დონე არ დაუბრუნდება უფრო გონივრულ დონეს.”
კითხვაზე დაავიწყდა თუ არა მთავრობას თავისუფლების აქტი, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჟურნალ "ტაბულა“–სთან ინტერვიუში, რომელიც 20 სექტემბერს გამოქვეყნდა, განაცხადა: "შემოდგომაზე მივიღებთ“.
"დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებას შევძლებთ ისე, რომ თავისუფალი ეკონომიკა დიდად არ ვაზარალოთ… დღეს უკვე თავად ევროპა ამბობს ნელ–ნელა უარს იმაზე, რისი შიშიც შეიძლება ჩვენც გვქონდეს – მაღალი გადასახადები და ხელგაშლილი ხარჯვა, ზედმეტი რეგულაციები და ბიუროკრატია თანდათანობით წარსულს ბარდება,“ – განაცხადა მან.
"ევროპელები ხვდებიან, რომ მუდმივად ძიძის როლში ყოფნას სახელმწიფო დიდხანს ვერ გაუძლებს. სოციალური ევროპის პროექტს გლობალურმა კრიზისმა ძლიერი დარტყმა მიაყენა. მგონია, რომ ევროპა გადმოდგამს უფრო მეტ ნაბიჯს თავისუფალი ეკონომიკისკენ და ადრე თუ გვიან ჩვენ სადღაც შუაში შევხვდებით,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
20 სექტემბერს პრეზიდენტი სააკაშვილი ნიუ–იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის ფარგლებში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს ქეთრინ ეშტონს და ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდა.
This post is also available in: Русский (რუსული)