Site icon Civil.ge

ილია II რუსეთის პატრიარქის მიერ ცხინვალისთვის ”დამოუკიდებლობის დღის” მილოცვას “გაუგებარს” უწოდებს

(ამ ტექსტის თავდაპირველი ვარიანტი შესწორებულია, კერძოდ ბოლოდან მეორე აბზაცი, სადაც თავდაპირველად არასწორად იყო მითითებული რომ რუსეთის პატრიარქის მილოცვა მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ გამოქვეყნებულა)

25 სექტემბერს გავრცელებულ წერილში საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია II–მ განაცხადა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო, რომ რუსეთის პატრიარქმა კირილე II-მ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს "დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა.

ამ ინფორმაციამ, რომ "თითქოს თქვენ "დამოუკიდებლობის“ 20 წლისთავთან დაკავშირებით მილოცვა გაუგზავნეთ სამხრეთ ოსეთის თვთიაღიარებულ პრეზიდენტს, ჩვენს მრევლში და საერთოდ საქართველოს მთელ საზოგადოებაში მძაფრი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია,“ – ნათქვამია საქართველოს პატრიარქის წერილში რუსეთის პატრიარქის მიმართ, რომელიც საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"მეტად სამწუხაროა და სრულიად გაუგებარი ასეთი ქმედება, რადგან ეს ნიშნავს საქართველოს ამ უძველეს მიწაზე (რასაც მთელი მსოფლიოც აღიარებს) ძალადობრივად არსებული სეპარატისტული რეჟიმის თქვენის მხრიდან მხარდაჭერას და უკანონოდ გამოცხადებული "დამოუკიდებლობის“ აღიარებას,“ – ნათქვამია წერილში.

"ჩვენ გვახსოვს პირადად თქვენი და რუსეთის ეკლესიის მხარდაჭერა საქართველოს და საქართველოს ეკლესიის კანონიკური საზღვრების აღიარების საკითხში. ამდენად სრულიად მოულოდნელი იყო ზემოაღნიშნული ნაბიჯი,“ – აცხადებს საქართველოს პატრიარქი, "გამოვთქვამთ იმედს, რომ მომავალში თქვენ კვლავაც სამართლიანობის მხარეს დადგებით, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას“. 

რუსეთის პატრიარქის მილოცვაში, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია: ”ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლებას და მოსახლეობას მოუხდა სახელმწიფოს მშენებლობის, სოციალური და ეკონომიკური განვითარების რთული გზის განვლა. თქვენთვის განსაკუთრებულ გამოცდად 2008 წლის აგვისტოს მოვლენები იქცა, რომლის დროსაც მრავალი ადამიანი დაიღუპა და დაზარალდა.”

”განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ურთიერთობების მნიშვნელობა, რომელიც მიმართულია რეგიონში სტაბილურობის და ჩვენი ქვეყნების ხალხებს შორის  მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერებისაკენ,” ნათქვამია გზავნილში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)