30 სექტემბერს, გვიან ღამით, თბილისში ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი ჩამოვიდა, რომელიც 1 ოქტომბერს, დილიდან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაიწყებს.
ნატოს გენერალური მდივნის რანგში ეს საქართველოში რასმუსენის პირველი ვიზიტია. ის საქართველოს დანიის პრემიერ-მინისტრის რანგში 2008 წლის ნოემბერს სტუმრობდა.
"მე ვესტუმრები საქართველოს, სადაც მექნება პატივი გავხსნა ნატოს სამეკავშირეო ოფისი," – წერდა თავის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე რასმუსენი თბილისში ჩამოსვლამდე რამოდენიმე საათით ადრე.
”მე მადლობას გადავუხდი საქართველოს მისი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და ერთგულებისთვის ავღანეთის ოპერაციისადმი. ნატო გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერ მხარდაჭერას.”
ნატო-ს პრესსამსახურის ცნობით ვიზიტისას დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან. ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძესთან ერთად, რასმუსენი თბილისში, აშშ-ის ყოფილი საელჩოს შენობაში, ნატოს სამეკავშირეო ოფისს გახსნის.
This post is also available in: Русский (რუსული)