ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ 1 ოქტომბერს თბილისში ნატოს სამეკავშირეო ოფისი გახსნეს.
გახსნის ცერემონიაზე რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატოს სამეკავშირეო ოფისი იქნება "მთავარი ინსტრუმენტი რეფორმების კუთხით თქვენი ძალისხმევის მხარდასაჭერად“.
გიორგი ბარამიძემ განაცხადა: "ალიანსის წარმომადგენლობა საქართველოში ასახავს განსაკუთრებულ ურთიერთობებს, რომელიც საქართველოს და ნატოს გააჩნიათ ბუქარესტის სამიტის შემდეგ. ეს არის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის აშკარა დემონსტრირება“.
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველომ "მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია საშინაო დავალების შესრულების საქმეში“.
"ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი,“ – განაგრძო ბარამიძემ, "ჩვენი მტკიცე განზრახვაა, რომ მოვაგვაროთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემა, ასევე უმუშევრობისა და სიღარიბესთან დაკავშირებული პრობლემები, განვაგრძოთ დემოკრატიული და ლიბერალურ–ეკონომიკური რეფორმები“.
სამეკავშირეო ოფისის გახსნის ცერემონიაზე საუბრისას ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ალიანსი "მტკიცედ დგას“ იმ დაპირებაზე, რომ საქართველო საბოლოო ჯამში გახდება ნატოს წევრი, როგორც ეს 2008 წლის აპრილში ბუქარესტში გამართულ ნატოს სამიტზე გადაწყდა.
"ბუქარესტის სამიტის შემდეგ ჩვენ მოვამზადეთ საჭირო ჩარჩო და შესაბამისი ინსტრუმენტები,“ – განაცხადა რასმუსენმა, "ჩვენ განვავითარეთ თანამშრომლობა და დიალოგი ნატო–საქართველოს კომისიის ფარგლებში. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაზე, რომელიც არის ყოვლისმომცველი რეფორმების და ტრანსფორმაციის საგზაო რუკა“.
"ნატო მნიშვნელოვნ დახმარებას უწევს საქართველოს რეფორმების განხორციელებაში,“ – დასძინა მან.
This post is also available in: Русский (რუსული)