Site icon Civil.ge

ნატო საქართველოს მხარდაჭერას ადასტურებს

1 ოქტომბერს თბილისში ვიზიტის დროს ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ იგი იმედოვნებს, რომ ნატოს ლიდერთა დაგეგმილი სამიტი ლისაბონში კიდევ ერთხელ დაუჭერს მხარს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ოდესმე აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი მას შემდეგ, რაც ქვეყანა ყველა საჭირო კრიტერიუმს დააკმაყოფილებს.

რასმუსენმა კიდევ ერთხელ გამოხატა ნატოს მხარდაჭერა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკის მიმართ და მოუწოდა რუსეთს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმებით აღებული ვალდებულებები; ამავე დროს, მან განაცხადა, რომ მისი „ნათელი განზრახვაა“ გააუმჯობესოს ურთიერთობები მოსკოვსა და ნატოს შორის, "რასაც, იმედია, ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა მოყვება“.

"მე ნამდვილად მჯერა, რომ ეს ჩვენს ორმხრივ ინტერესებში შედის და ეს ასევე შედის საქართველოს ინტერესებში,“ – განაცხადა რასმუსენმა თბილისიდან გამგზავრებამდე პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას.  

"თუ ჩვენ წარმატებას მივაღწევთ ნატოსა და რუსეთს შორის ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების საქმეში, ეს ასევე გააუმჯობესებს საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას,“ – განაცხადა მან.

სააკაშვილმა, რომელმაც ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტს საქართველოში "უაღრესად მნიშვნელოვანი“ უწოდა, განაცხადა, რომ "რა თქმა უნდა“ ნატოს წევრობა "საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტად რჩება“.

"ერთი რამ არსებობს, რაზეც საქართველო დათმობაზე ვერასდროს წავა – ეს არის თავისუფლების საკითხი და სწორედ ახლა ნატო მხარს უჭერს თავისუფლების იდეას და სწორედ ამიტომ აქვს მას ქართული ერის და ზოგადად საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ძლიერი მხარდაჭერა,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, მთელი რიგი საკითხები არსებობს, სადაც საქართველო "მოქნილი“ და “ძალიან გახსნილია,“ მათ შორისაა რუსეთთან ჩართულობა.

პრესკონფერენციაზე საუბრისას ნატოს გენერალურმა მდივანმა მწუხარება გამოხატა 30 სექტემბერს ავღანეთში ოთხი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო და განაცხადა: "მათი თავგანწირვა ამაოდ არ ჩაივლის“.

"ჩვენ ავღანეთში წარმატებას ვაღწევთ და მერწმუნეთ, რომ იქ მანამდე დავრჩებით, სანამ ჩვენ საქმეს არ დავასრულებთ, რათა თავიდან ავიცილოთ ის, რომ ავღანეთი კვლავ გადაიქცეს ტერორისტების უსაფრთხო თავშესაფრად,“ – განაცხადა რასმუსენმა.

"შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ნატო კვლავ ერთგული რჩება თავისი ვალდებულებისა საქართველოს მიმართ,“ – დასძინა მან.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ავღანეთში ნატოს ოპერაციის (ISAF) ერთგული რჩება.  

"ჩვენ ISAF-ის ერთგული წევრები ვართ… თქვენ შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ და ჩვენ თქვენი შემდგომი პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი გვაქვს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი დამოუკიდებლობის და ჩემი ქვეყნის შემდგომი განვითარების მიმართ,“ – მიმართა სააკაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანს.

This post is also available in: Русский (რუსული)