ევროკავშირი 2011-2013 წლებში საქართველოს რამოდენიმე სახელმწიფო სტრუქტურის ინსტიტუციონალური გაძლიერების მიზნით 30.86 მილიონ ევროს გამოყოფს.
შესაბამის მემორანდუმს, რომელიც ”ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამის” განხორციელებას ითვალისწინებს, 1 ოქტომბერს სახელმწიფო მინისტრმა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა პერ ეკლუნდმა მოაწერეს ხელი.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, პროგრამის მიზანია სახელმწიფო სტრუქტურების დახმარება, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში.
მათ შორისაა: სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური; განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი და სტანდარტების, ტექნიკური რეგულირებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო; ასევე კონტროლის პალატა, პარლამენტი და სახალხო დამცველის აპარატი.
ასოცირების შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებები 15-16 ივლისს საქართველოში საგარეო ურთიერთობებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის ვიზიტის დროს დაიწყო.
This post is also available in: Русский (რუსული)