გორში არსებული ტელეკომპანია "თრიალეთის“ დირექტორი ჯონი ნანეტაშვილი, რამოდენიმე საათიანი პატიმრობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც სასამართლომ მას პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისთვის 400 ლარის ჯარიმა დააკისრა.
”თრიალეთი” მომხდარს ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანიაზე ”ზეწოლის გაგრძელებაად” აფასებს.
ტელეკომპანიის დირექტორი ჯონი ნანეტაშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც, როგორც პოლიციაში აცხადებენ, მან წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას, როდესაც მის დაჯარიმებას ცდილობდნენ საჭესთან მობილურზე საუბრის გამო. ნანეტაშვილმა ბრალდებას პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აგრესიულად იქცეოდნენ და მის გამოწვევას ცდილობდნენ. მისი თქმით, მას პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.
ტელეკომპანია "თრიალეთის“ მფლობელი ბადრი ნანეტაშვილია, რომელიც ყოფილი დეპუტატი, გუბერნატორის ყოფილი მოადგილე და ტელეკომპანიის დირექტორის ძმაა.
ბადრი ნანეტაშვილი დეპუტატი 2006 წლამდე იყო, სანამ მას უფლებამოსილებას შეუწყვეტდნენ, რისი მიზეზიც გახდა მის წინააღმდეგ ბრალდებები, რომ ის დეპუტატად ყოფნის დროს "თრიალეთის“ სარედაქციო პოლიტიკაში ერეოდა – ამგვარი ბრალდება მაშინ სახალხო დამცველის აპარატმაც გამოთქვა. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტამდე რამოდენიმე კვირით ადრე მან მმართველი პარტია დატოვა და რამოდენიმე დეპუტატი და მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანიასთან დაკავშირებით მასზე ზეწოლაში დაადანაშაულა.
ბადრი ნანეტაშვილი სახელმწიფო სამსახურში 2008 წლის დასაწყისში დაბრუნდა, როდესაც ის შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა. ეს თანამდებობა მან 2010 წლის მარტში დატოვა.
7 ოქტომბერს მან ტელეკომპანია "მაესტროს“ განუცხადა (ტელეკომპანია "თრიალეთი“ მაესტროს საინფორმაციო გამოშვებებს გორში გადასცემს), რომ მისი ძმის დაკავება ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანიის წინააღმდეგ ზეწოლის ნაწილია, რაც, მისი თქმით, მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მან ”თრიალეთის” 6 მილიონ აშშ დოლარად გაყიდვაზე უარი თქვა.
This post is also available in: Русский (რუსული)