Site icon Civil.ge

2011 წლის საბიუჯეტო მონაცემები

2011 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რომელიც უკვე შესულია პარლამენტში განსახილველად, მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსავლები 5.905 მლრდ ლარით, ხარჯები კი– 5.707 მლრდ ლარით არის განსაზღვრული.

ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, მომავალ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 4,5%–ით ზრდა; ხოლო ინფლაციის 6%–იანი მაჩვენებელია ნავარაუდევი.  თუმცა ეს მონაცემები, ისევე როგორც ლარის მოსალოდნელი გაცვლითი კურსი, ბიუჯეტის პროექტში არ არის ასახული.

"საქსტატისა" და ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2010 წელს წლიურმა ინფლაციამ სექტემბერში 9,8% შეადგინა.

საგადასახადო შემოსავლების გარდა, რაც 5.300 მლრდ ლარს შეადგენს, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში 306 მლნ ლარის ოდენობის გრანტებია დაგეგმილი, რაც, დაახლოებით, 231 მლნ ლარით ნაკლებია წლევანდელ ანალოგიურ მაჩვენებელზე. "სხვა შემოსავლების“ სახით კი მომავალი წლის ბიუჯეტში მთავრობა 299 მლნ ლარს გეგმავს, მათ შორის 90 მლნ ლარი საჯარიმო სანქციებიდან ამოსაღები თანხებია.

რაც შეეხება ხარჯებს, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მომავალ წელს კვლავ პრიორიტეტული იქნება განათლების, სოციალური, ჯანმრთელობის დაცვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.

თუმცა ჯანდაცვისა და განათლების უწყებები არ შედიან იმ სამინისტროებს შორის, რომლებსაც მომავალ წელს დაფინანსება ეზრდებათ: რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის; იუსტიციის; შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და სპორტის სამინისტროები. 

2011 წელს საბიუჯეტო თანხები სამინისტროებზე შემდეგნაირად გადანაწილდება:

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში აისახა მთავრობის ე.წ ქამრების შემოჭერის პოლიტიკა. "არც ერთი სამინისტროს ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა ჩინოვნიკთა ბიუროკრატიული ხარჯები,“– განაცხადა ბაინდურაშვილმა 4 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

თუმცა ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ მომავალ წელს პოლიციის დაბალი რანგის თანამშრომელთა ხელფასების 50 ლარიანი ზრდაა გათვალისწინებული.

ასევე ხელფასები გაეზრდებათ იმ პედაგოგებს, რომლებიც ინგლისურსა და კომპიუტერს ფლობენ. გარდა ამისა, მომავალი წლის ბიუჯეტში 1000 ინგლისურენოვანი მასწავლებლების დაფინანსებაზე 10 მლნ ლარია გამოყოფილი.

ბიუჯეტის პროექტში 50–50 მლნ ლარია გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებისთვის, ნაცვლად წელს არსებული 55–55 მლნ ლარის. ამასთან, მცირედით შემცირდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 14.1 მლნ ლარამდე, ხოლო მთავრობის კანცელარიის – 8.5 მლნ ლარამდე.

საქართველოს პარლამენტი მომავალ წელს, 2010 წლის მსგავსად, 40 მლნ ლარს მიიღებს.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2011 წელს ავტონომიური რესპუბლიკები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ცენტრალური ბიუჯეტიდან ჯამში 787 მლნ ლარს მიიღებენ. ამასთან, ყველა სამხარეო ადმინისტრაციის დაფინანსება მცირდება. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას მომავალ წელს დაფინანსება  5.5 მლნ ლარამდე შეუმცირდება წლევანდელი 8.8 მლნ ლარიდან. 

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 85 ლარით დაფინანსდება, ნაცვლად წლევანდელი 194 მლნ ლარის; ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის კვლავაც 40 მლნ ლარის ოდენობით დაფინანსება გამოიყოფა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიას მომავალ არასაარჩევნო წელს დაფინანსება 12.4 მლნ ლარამდე შეუმცირდება; აქედან 4.7 მლნ ლარი პარტიების დაფინანსებისთვისაა გათვალისწინებული, ნაცვლად წლევანდელი 5.4 მლნ ლარის.

სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობისთვის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით 2.1 მლნ ლარია განსაზღვრული, ნაცვლად წელს არსებული 2 მლნ ლარის.

საზოგადოებრივი მაუწყებელი მომავალ წელს 25 მლნ ლარით დაფინანსდება. 2010 წელს მაუწყებელმა წლის დასაწყისში დაგეგმილი დაფინანსების გარდა, დამატებით კიდევ მიიღო თანხები მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და შედეგად წელს მისი დაფინანსება 35 მილიონი ლარი იყო.

საქართველოს საპატრიარქოს წლევანდელი 25 მლნ ლარიანი დაფინანსება მომავალ წელსაც უცვლელად შეუნარჩუნდება.

ბიუჯეტის პროექტით, 2011 წელს საგარეო ვალების მომსახურებისთვის 332.7 მლნ ლარი, ხოლო საშინაო ვალების დასაფარად 155 მლნ ლარია გათვალისწინებული.

წარმოდგენილი მონაცემები საპარლამენტო განხილვების შედეგად, შესაძლოა, შეიცვალოს, ვიდრე საკანონმდებლო ორგანო ბიუჯეტს საბოლოოდ დაამტკიცებს წლის ბოლომდე. 

This post is also available in: Русский (რუსული)